თავში

საკალმახე მეურნეობა: კამერების ჩანაწერები არ ამოუღიათ

საკალმახე მეურნეობა: კამერების ჩანაწერები არ ამოუღიათ
საკალმახე მეურნეობა: კამერების ჩანაწერები არ ამოუღიათ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული საკალმახე მეურნეობა, შპს "ათ"-ი განცხადებას ავრცელეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ტერიტორიაზე არსებული კამერები 4 წელია არ მუშაობს და შესაბამისად, გამომძიებლები ჩანაწერებს ვერ ამოიღებდნენ. 

მათივე განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების პროცესში, საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე გარკვეული საგამოძიებო სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ექსპერტებმა დააფიქსირეს, რომ ვიდეოკამერები არ მუშაობდა, ხოლო ჩანაწერებთან დაკავშირებით მედიით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

„სხვადასხვა მასმედიისა და ტელევიზიების საშუალებებით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რის გამოც სიმართლის დადგენის უზრუნველყოფის მიზნით თავს ვალდებულად ვთვლით, ვუპასუხოთ აღნიშნულ ცრუ ინფორმაციას.

ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს. თავს ვალდებულად ვთვლით თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წინაშე, რომ მივაწოდოთ მათ რეალური ინფორმაცია.

მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია გამოძიების სწორი მიმართულებით წარმართვა და პირველ რიგში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისათვის და საზოგადოებისათვის რეალური ინფორმაციის მიწოდება.

საკალმახე მეურნეობის ტერიტორია ჩვენს მფლობელობაშია მეოთხე წელიწადია და ის იმყოფება რეკონსტრუქციის პროცესში. ტერიტორიაზე არსებული კამერები ჩვენს მიერ ობიექტის შეძენის დროსაც იყო, მაგრამ უფუნქციოდ, ვინაიდან არ იყო მუშა მდგომარეობაში. ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამუშაოები და ობიექტი არ არის დასრულებული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე კამერები არ მუშაობს იმ პერიოდიდან, როდესაც ის ჩვენ შევიძინეთ ძველი მეპატრონისაგან 4 წლის წინ. ასევე, გვსურს გაცნობოთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არ არის განთავსებული სასტუმრო. ობიექტზე ფუნქციონირებს მხოლოდ თევზის წარმოება და სეზონული გარე (ღია სივრცის) თევზის რესტორანი.

2020 წლის 2 აგვისტოს ჩვენი კომპანიის ტერიტორიაზე ჩატარდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ გამოკითხვები და მოხდა დამონტაჟებული კამერების, რომელიც ჯერ კიდევ წინა მეპატრონის მიერ იყო ჩაჭრილი, ვიზუალური დათვალიერება და ექსპერტების მიერ დაფიქსირებულ იქნა, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ მუშა მდგომარეობაში, კამერის ჩანაწერები არ ყოფილა ამოღებული, რადგან ჩვენი კამერები არ მუშაობს 4 წელიწადია და არც სერვერი არ გაგვაჩნია, შესაბამისად ვერც 10 დღის წინ და ვერც დღეს ვერ იქნებოდა ჩანაწერები ამოღებული, რადგან ჩვენთან სამწუხაროდ არ მიმდინარეობდა ვიდეო კონტროლი.

კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობთ ოჯახს ამ დიდი ტრაგედიის გამო და იმედს ვიტოვებთ, რომ ოჯახი უახლოეს პერიოდში მიაღწევს სიმართლის დადგენას“, - ნათქვამია საკალმახე მეურნეობის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system