თავში

სასამართლომ "ოცნების" წალკის მერობის კანდიდატი 2000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ "ოცნების" წალკის მერობის კანდიდატი 2000 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ ოცნების წალკის მერობის კანდიდატი 2000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ "ქართული ოცნების'' წალკის მერობის კანდიდატი და საარჩევნო კომისიის წევრები 2000-2000 ლარით დააჯარიმა. 

ინფორმაციას ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.

"წალკის მუნიციპალიტეტში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატმა მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარი და საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო წალკის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ილია საბაძე, რომელსაც საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, განუსაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. სასამართლომ, ასევე, საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო წალკის 29-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე როლანდ ჭელიძე და ამავე კომისიის წევრები: რევაზ დვალაძე და როლანდ ძირკვაძე. საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, სახდელის სახედ თითოეულ მათგანს 2000-2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის გრელვადიანმა დამკვირვებელმა, იურისტმა გიორგი ონიანმა, წინასაარჩევნო მონიტორინგისას გამოავლინა წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევა წალკის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის (რომელიც ასევე მოქმედი მერი იყო წინასაარჩევნო პერიოდის დროსაც) და წალკის 25-ე საარჩევნო ოლქის 29-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრების მხრიდან.კერძოდ, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ წალკის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ილია საბაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახორციელებდა აგიტაციას სოფელ განთიადის მოსახლეობასთან 29-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრების მონაწილეობით. ეს ქმედება წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 45-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას. ამ შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა, პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, ილია საბაძემ, თავად განათავსა სოციალური ქსელის - ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. 

ამ მტკიცებულების მოპოვების შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრმა დარღვევის შესახებ საჩივრით მიმართა 25-ე საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა წალკის მერობის კანდიდატის სამართალდამრღვევად ცნობა, ასევე - 29-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობა დაკისრება.წალკის 25-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტის საჩივარი. 

კომისიამ სარწმუნოდ მიიჩნია ილია საბაძის განმარტება, რომ ის არ იცნობდა 29-ე საუბნო საარჩევნო კომისიის არცერთ წევრს. კომისიამ დამაჯერებლად მიიჩნია ასევე 29-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრების განმარტება, რომ ისინი წინასაარჩევნო შეხვედრაზე შემთხვევით აღმოჩნდნენ.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ცენტრმა, კანონით დადგენილი ვადების გათვალისწინებით, თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა, რის შემდეგაც განსჯადობით, საჩივარი დაეწერა წალკის მუნიციპალიტეტში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს.

წალკის მაგისტრატმა მოსამართლემ 2021 წლის 18 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით განიხილა საჩივარი, რომელშიც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის მიერ დაზუსტდა საჩივრის მოთხოვნა - სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ეცნო როგორც მერობის კანდიდატი, ასევე წალკის 29-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარი სრულად დააკმაყოფილა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system