თავში

სასამართლომ "რუსთავი 2-ის" უძრავი ქონება სრულად დააყადაღა

სასამართლომ "რუსთავი 2-ის" უძრავი ქონება სრულად დააყადაღა
სასამართლომ რუსთავი 2-ის უძრავი ქონება სრულად დააყადაღა

"რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელევიზიის უძრავ ქონებას ყადაღა დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ყადაღა დაედო "რუსთავი 2-ის" უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. 

"აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო რ2-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა რ2-ის უძრავი ქონება სრულად. 

ჩვენ ასევე ვითხოვდით რ2-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქ.ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯ.აქიმიძე და დ.დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქ.ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით", - წერს ადვოკატი.

"რუსთავი 2-ის" საქმეზე ბოლო სასამართლო პროცესი 14 მაისს გაიმართა. მოსამართლემ მხარეებს მოლაპარაკებისა და შეთანხმებისკენ მოუწოდა, თუმცა დამფუძნებლებს ამის იმედი არ აქვთ. აქიმიძე და დვალი ამბობენ, რომ ჰოლდინგის შექმნის შემდეგ, ტელეკომპანიის აქციების დიდი ნაწილის "პრაიმტაიმისთვის" გადაცემა ქიბარ ხალვაშის მიერ ქონების მიზანმიმართულად გადამალვას ემსახურება.

მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2" და "პრაიმტაიმი" მედიაჰოლდინგში გაერთიანდნენ, ტელეკომპანიის ქონებიდან "რუსთავი 2-ის" საკუთრებაში მხოლოდ აქციების 10% დარჩა.

საქალაქო სასამართლოში მომდევნო პროცესი 1 ივნისს გაიმართება. 

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს 2019 წელს მიმართეს. საქმეში ერთი მოპასუხე ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში იქნება, ხოლო მეორე პაატა კარსანიძე, რომელმაც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი 2004 წელს მას შემდეგ მიიღო, რაც თავიანთი 30-30%-იანი წილები ტელევიზიის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, მათივე მტკიცებით, იძულებით გადაუფორმეს.

დვალმა და აქიმიძემ სამართლებრივი ბრძოლა „რუსთავის 2“-ის დასაბრუნებლად ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს, ხოლო 2015 წელს ისინი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა მათ არხის 40%-იანი წილი შესთავაზა, თუმცა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system