თავში

სასამართლომ საზღვაო აკადემიის რექტორთან დაპირისპირებული პროფესორი სამსახურში აღადგინა

სასამართლომ საზღვაო აკადემიის რექტორთან დაპირისპირებული პროფესორი სამსახურში აღადგინა
სასამართლომ საზღვაო აკადემიის რექტორთან დაპირისპირებული პროფესორი სამსახურში აღადგინა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვაო აკადემიის ყოფილი პროფესორის, ვაჟა ანანიძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

ანანიძის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საზღვაო აკადემიას მისი სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაევალა. 

ვაჟა ანანიძის უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი, ანა ბერძენიშვილი იცავდა. იურისტის თქმით, სასამართლომ ვაჟა ანანიძე აღადგინა ბიბლიოთეკის კოორდინატორის პოზიციაზე, სადაც ის ბოლო დროს მუშაობდა.

„ასევე, აკადემიას დაეკისრა სრული განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2020 წლის 22 ივლისიდან დღემდე და მორალური სახელფასო კომპენსაცია – 25 200 ლარი. სასამართლომ საზღვაო აკადემიას დააკისრა დაუყოვნებლივ აღდგენა მის პოზიციაზე,“- ამბობს ანა ბერძენიშვილი.

ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიიდან 2020 წლის 22 ივლისს გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად აკადემიამ ეთიკური საბჭოს გადაწყვეტილება დაასახელა, თავად ვაჟა ანანიძე კი ამბობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ მან გასულ წელს საზღვაო აკადემიის რექტორი და კიდევ რამდენიმე პროფესორი პლაგიატში ამხილა. ის ასევე საუბრობს აკადემიაში არსებულ სხვა პრობლემებზეც.

თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ერთ წელზე მეტია, რაც ვაჟა ანანიძე საპროტესტო აქციებს მართავს საზღვაო აკადემიის ჭიშკართან. ის აპროტესტებს აკადემიის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას მისი აკადემიიდან გაშვების თაობაზე.

ვაჟა ანანიძე ამ ხნის მანძილზე მიმართავდა განათლების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ასევე საზოგადოებას სთხოვდა, დაინტერესებულიყვნენ აკადემიაში არსებული ნეპოტიზმით, პლაგიატით და სავარაუდო კორუფციითაც. თუმცა ამ დრომდე მას არც ერთი შესაბამისი უწყებიდან არავინ გამოხმაურებია.

ვაჟა ანანიძე ამბობს, რომ ის არ შეწყვეტს ბრძოლას მანამ, სანამ არ მიაღწევს სამართლიანობას და არ შეიცვლება აკადემიაში არსებული მდგომარეობა.


წყარო: ბათუმელები

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system