თავში

სასამართლოში ეროვნული ბანკის თანამშრომლების დაკითხვა მიმდინარეობს

სასამართლოში ეროვნული ბანკის თანამშრომლების დაკითხვა მიმდინარეობს
სასამართლოში ეროვნული ბანკის თანამშრომლების დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. 

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე იკითხებიან ეროვნული ბანკის თანამშრომლები, რომლებმაც ბრალდების მხარის ინფორმაციით, „თიბისი ბანკი“ შეამოწმეს, მათ შორის, აქტივების დარეზერვების მიმართულებით.

„ეს არის ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ 2008 წელს ნამდვილად იყო ჩატარებული „თიბისი ბანკში“ შემოწმება. თუმცა ნამდვილად არ შეუმოწმებიათ კონკრეტულად „სამგორი ემზე“ და „სამგორი თრეიდზე“ გაცემული სესხები. შემოწმების საფუძველი იყო არა კონკრეტულად ეს სესხები, არამედ ზოგადად საფუძველი იყო ომის შემდგომ პერიოდში რეზერვების შემოწმება. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ინფორმაცია როცა მიიღო გამოძიებამ, სწორედ იმ პერიოდში დაიწყო გამოძიება და მოახდინა სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა პროკურორმა სალომე ჩიქობავამ.

ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ წინააღმდეგ წარმოებულ სამართალწარმოებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. 

ხაზარაძემ სასამართლოს ეზოში პროცესის დაწყებამდე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მოწმეები ვერაფერს ეტყვიან პროკურატურას ისეთს, რაც მათ საქმეში გამოადგებათ, რადგან დანაშაული არ არსებობს და რეალურად, ანაკლიის პორტის შეჩერება და ამ ყველაფრის მიზანი "ლელოს" პოლიტიკური განეიტრალებაა. მან სასამართლო სხდომებს ბიძინა ივანიშვილის დადგმული შოუ უწოდა. 

როგორც გასულ კვირას ხაზარაძემ განაცხადა სასამართლოში სხდომები ყოველ-მეორე დღეს ჩაინიშნა. ხაზარაძის თქმით, ხელისუფლება მათ მიზანმიმართულად უშლის ხელს პოლიტიკურ საქმიანობაში, რადგან სასამართლო სხდომები ისეთი სიხშირით ინიშნება, რომ ლიდერებს პოლიტიკური აქტივობისა და მედიასთან კომუნიკაციისთვის კვირაში მხოლოდ ორი დღე რჩებათ. შესაბამისად,მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სხდომის დაწყებამდე საზოგადოებას ანგარიში სწორედ სასამართლოს წინ ჩააბარონ და სამომავლო გეგმები გააცნონ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system