თავში

"საშინლად განიცდის და ტირის" - ტყუპისცალის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"საშინლად განიცდის და ტირის" - ტყუპისცალის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
საშინლად განიცდის და ტირის - ტყუპისცალის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

გორის მუნიციპალიტეტში, ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულის საზოგადოებრივი ადვოკატი მარიამ ინდუაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. 

როგორც ადვოკატი ამბობს, ძმებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და  ბრალდებული მომხდარს განიცდის. როგორც ინდუაშვილი განმარტავს, შემთხვევა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მოხდა. 

ადვოკატის ინფორმაციით, მოტივი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მოეკლა თავისი ტყუპისცალი ძმა, არის აბსურდული.

,,ძმის მკვლელობაში ბრალდებული აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას დაეთანხმა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის განადგურებული, როგორც მან აღნიშნა, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება პატიმრობაში თუ პატიმრობის გარეშე. დამერწმუნეთ, მომხდარით ისეა განადგურებული, ისეთ მდგომარეობაშია, რომ იგი გახლავთ არა მხოლოდ ბრალდებული, ამავდროულად, დაზარალებულიცაა. მოტივი, რომ მოეკლა თავისი ტყუპისცალი, არის აბსოლუტურად აბსურდული. მომხდარის შემდეგ თავად აქცევდა ძმას ყურადღებას, გამოიძახეს სასწრაფო. ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მოხდა კამათი, რასაც შემდგომ ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა.

იგი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, გამოიყენა დუმილის უფლება. პროკურატურის მოტივი, თითქოს, ადგილი ჰქონდა შურისძიებას, ეს არ არის სწორი. ძმასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მთელი ამ დღეების განმავლობაში საშინლად განიცდის მომხდარს, ტირის. მართალია, ეს მის მდგომარეობას არ შეამსუბუქებს, მაგრამ ჩვენ დავამტკიცებთ, რომ მას მიზნად არ ჰქონია ძმის მოკვლა“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა მარიამ ინდუაშვილმა.

ცნობისთვის, შემთხვევა სოფელ ახალსოფელში, 1-ელ იანვარს მოხდა. ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 32 წლის გიორგი კუთარაშვილი დანით მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system