თავში

შესაძლოა, ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე გამოკითხონ

შესაძლოა, ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე გამოკითხონ
შესაძლოა, ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე გამოკითხონ

პროკურორი ლაშა კოტრიკაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით, ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის გამოიკითხვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ კოტრიკაძემ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ არხის გენერალური პროდიუსერი, ნოდარ მელაძე დაკითხეს

თუმცა, როგორც კოტრიკაძე აცხადებს, იმისთვის, რომ გამოძიებამ ფარული აუდიო ჩანაწერის შინაარსზე გამოძიება დაიწყოს, ჯერ მისი ავთენტურობა უნდა დადგინდეს.

„სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების ფარგლებში გამომძიებელმა ყველა რელევანტური კითხვა დასვა. ნოდარ მელაძემ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი გამოიყენა და კითხვების უმეტესობაზე პასუხი არ გასცა. კითხვები იყო, როგორც ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით, ასევე მის შინაარსთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ როცა დასაკითხი პირი პრეტენზიას გამოთქვამს შინაარსთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულს გამოძიება არ იძიებს, ის შინაარსზე დასმულ კითხვებს პასუხს არ სცემს. სწორი არ არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება შინაარსს არ იძიებს, გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით. სწორედ, ამიტომაც გვინდა ეს აუდიო ჩანაწერი, რომ ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ. საქმეზე კვალიფიკაცია არ უშლის ხელს გამოძიებას, რომ ყველა მიმართულებით იმუშაოს. ასევე, პირს, რომელსაც უნდა თანამშრომლობა, ასევე კვალიფიკაცია არ უშლის ხელს, რომ გამოძიებას ეს ჩანაწერი მიაწოდოს, რადგან სწორედ, შესაძლოა, ამ ჩანაწერების მიწოდებით გამოძიება გავიდეს სხვა დანაშაულზე, მათ შორის, შინაარსზე“, - აცხადებს კოტრიკაძე.

ცნობისთვის, 6 მარტს, ,,ტვ პირველმა" ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც ბიძინა ივანიშვილის შვილი ღარიბაშვილს ფეისბუქ კომენტარის გამო გარკვეულ პირებზე ანგარიშსწორებას სთხოვს. ფარული ჩანაწერების საქმეზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "TV პირველიდან" მასალების ამოღების ნებართვა მისცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system