თავში

"შეზღუდვების კანონს" საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

"შეზღუდვების კანონს" საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
შეზღუდვების კანონს საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე, პარლამენტისგან დამოუკიდებლად, შეზღუდვების დაწესების საშუალება მიეცა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

საია-ს განცხადებით, სამწუხაროდ, ქართული ოცნების უმრავლესობამ არაერთი ორგანიზაციის, მათ შორის საია-ს მოწოდება არ გაიზიარა და ინიცირებული ცვლილებები კანონში მაინც ასახა.

"საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის პრაქტიკის მიხედვით, უფლებაშემზღუდველი ნორმა საქართველოს კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს როგორც შინაარსობრივი, ასევე ფორმალური თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირებამ შეიძლება, კონსტიტუციის დარღვევა გამოიწვიოს იმ შემთხვევებში, როდესაც მას საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს ან/და როდესაც დადგინდება, რომ გარკვეული უფლებამოსილების დელეგირებით საქართველოს პარლამენტი თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილების განხორციელებაზე ამბობს უარს", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის განმარტებით, კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით (მიმოსვლის თავისუფლება), "ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად". ხოლო, კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით (შრომის თავისუფლება), "შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით".

ამდენად, ორგანიზაციის განცხადებით, კონსტიტუცია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ კანონით უშვებს, შესაბამისად, მათივე ცნობით, ამ უფლების მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეზღუდვა დაუშვებელია. ასევე, შრომითი უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ორგანული კანონით.

"საია მიიჩნევს, რომ შესული ცვლილებები არაკონსტიტუციურია საკუთრების უფლებასთან მიმართებითაც. მთავრობას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური ხასიათის რეგულაციების დაწესება შეუძლია. ტექნიკურ რეგულაციად ვერ იქნება მიჩნეული შესული ცვლილებებით განსაზღვრული ისეთი აკრძალვა, როგორიცაა მაგალითად, სასტუმროს მესაკუთრისათვის ნომრების გაქირავების შეზღუდვა. ეს არის საკუთრების უფლებით სარგებლობის სრული აკრძალვა და არა ტექნიკური ხასიათის რეგულაცია. საკუთრების უფლებით ტოტალურ აკრძალვას, როგორიცაა სასტუმროებისა და ტანსაცმლის მაღაზიების დახურვა ან მუშაობის განახლების აკრძალვა, სჭირდება პარლამენტის მხრიდან ლეგიტიმაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი მკაცრი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა მთლიანად მთავრობის ხელში გადადის, რაც არღვევს საკუთრების უფლებას", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი, რომლის გარდამავალ დებულებაში ჩაიწერა, რომ შემზღუდავი ღონისძიებების გატარება 15 ივლისამდე იქნება შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და პარლამენტის თანმხობის გარეშე შეეძლება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system