თავში

სქესობრივი დანაშაული არასრულწლოვანთან - პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

სქესობრივი დანაშაული არასრულწლოვანთან - პროკურატურა
სქესობრივი დანაშაული არასრულწლოვანთან - პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს ა.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ამის შესახებ REPORT.GE - ს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს. 

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ოქტომბერში ა.ნ.-მ წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა.

"აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ასევე 12 მარტს ი.უ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.უ. არასრულწლოვან დას სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რადგან დაზარალებული ხვდებოდა მასზე ბევრად უფროს და დაოჯახებულ მამაკაცს.

ა.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ი.უ.-ს 11 პრიმა 126 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ.

პროკურატურამ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, მოსამართლემ ი.უ-ს პატიმრობა, ხოლო ა.ნ.-ს გირაო 15 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

პროკურატურა არ დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ა.ნ.-სთვის შეფარდებული გირაო სააპელაციო სასამართლოში, მისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით გაასაჩივრა.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს" - წერია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი, სასამართლომ, სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება, მტკიცებულებების უკმარისობის გამო მიიღო. თუმცა პატიმრობაში დატოვა გოგონას ძმა, რომელსაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობა ედება ბრალად.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავში, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ასევე დააკავეს დაზარალებულის ძმა, რომელიც დას ფიზიკურად გაუსწორდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system