თავში

სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სხვა პირების დახმარებით, ქალაქ თბილისში მდებარე, ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაში რიცხული, ჯამში 47 800 კვ/მ მოცულობის ორი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, გააყალბა აღნიშნული კომპანიის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გახდა მისი ერთპიროვნული დირექტორი და დამფუძნებელი, რის შემდგომაც მიწის ნაკვეთები გადააფორმა თავისივე სახელზე რეგისტრირებულ სხვა კომპანიაზე.

"დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, ბრალდებული გეგმავდა მიწის ნაკვეთების იპოთეკით დატვირთვას 200 000 აშშ დოლარამდე თანხის დაუფლების მიზნით, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიების პროცესში მიწის ნაკვეთებს დაედო ყადაღა. წინასწარი მონაცემებით, მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება აღემატება 16 000 000 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით", – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system