თავში

სტრასბურგის გადაწყვეტილება მისასალმებელია - იუსტიციის მინისტრი

სტრასბურგის გადაწყვეტილება მისასალმებელია - იუსტიციის მინისტრი
სტრასბურგის გადაწყვეტილება მისასალმებელია - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ევროპულ სასამართლოს პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე სრულ ინფორმაციას 24 ნოემბრისთვის მიაწვდიან.

„საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს წერილით ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი ერთი კონკრეტული მოთხოვნით - დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დაუყოვნებლივ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისასალმებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება სრულად ემთხვევა, უწყებამ არაერთგზის განმარტა, რომ ჩვენი ინტერესია პატიმრის ინტერესის დაცვა. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას და ცხადია, როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული, 24 ნოემბრისთვის ევროპულ სასამართლოს მივაწვდით სრულ ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე. ასევე გავაგრZელებთ მასზე მზრუნველობას“, - განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის ადაიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.

გვარამიას განმარტებით, სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ამჟამინდელი მდგომარეობა და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც მასთან დაკავშირებით გლდანის #18 დაწესებულებაში გატარდა. ადვოკატის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ასევე მათ დაავალა ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია მიაწოდონ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციები შეჯერდება და 24 ნოემბერს სასამართლო კვლავ იმსჯელებს საკითხზე.

ხოლო იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system