თავში

,,სულ ეგ იყო ჩემი დანაშაული და დამიჭირეთ მაგის გამო თუ გინდათ"

,,სულ ეგ იყო ჩემი დანაშაული და დამიჭირეთ მაგის გამო თუ გინდათ"
,,სულ ეგ იყო ჩემი დანაშაული და დამიჭირეთ მაგის გამო თუ გინდათ

,,არც ჩემ პაროლს მიიღებს ვინმე, არც ჩემ პირად ინფორმაციას იქამდე, სანამ ჩემ დანაშაულს არ დაამტკიცებენ. ხოლო რაც ბუნებაში არ არსებობს, მაგის დამტკიცებაში წარმატებებს ვუსურვებ ნებისმიერს", - ამის შესახებ პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე თქმით, ის პროკურატურაში მხოლოდ იმიტომ დაიბარეს, რომ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ ინტერნეტით ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა. 

,,ისეთი გაბრაზებული ვარ საკუთარ თავზე, როგორც არასდროს ვყოფილვარ ალბათ ცხოვრებაში. (გრძელი პოსტისთვის ბოდიში, უბრალოდ უსამართლობით ამომასხა)

სახელმწიფომ უფლება მისცა საკუთარ თავს, რომ ჩემი პროფესიული ცოდნის გამოყენებისთვის (ბაჩალიაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიების მცდელობის გამო) ჩემი ტელეფონი მძევლად აიყვანოს და მაშანტაჟოს მისი გატეხვით და არდაბრუნებით. როცა ძიების და ინფორმაციის მოპოვების მცდელობის გარდა საერთოდ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ადამიანის პოვნაში დახმარება მინდოდა, სულ ეგ იყო ჩემი დანაშაული და დამიჭირეთ მაგის გამო თუ გინდათ.

თქვენს მობილურებში იმაზე უფრო მეტი ინფორმაცია ინახება, ვიდრე თქვენს მეხსიერებაში, ეგრე მუშაობს ტექნოლოგია, ულიმიტო სივრცე აქვს და არაფერი ავიწყდება. თქვენი სურათები, პირადი მიმოწერები ადამიანებთან, მათი პირადი ინფორმაცია, თქვენი კომერციული თუ სხვა საიდუმლოებები, ყველაფერი მანდაა. როგორც უფრთხილდება მაგ ინფორმაციას სახელმწიფო, ყველამ კარგად იცით ეგ ამბავი. თუნდაც თამარის შემთხვევაში, მისი მთელი პირადი ცხოვრება ყველასთვის ხელმისაწვდომია დღეს და ზუსტად სახელმწიფოს ბრალია ეგ ყველაფერი.

იმის გამო, რომ ვცდილობდი, რომ რამენაირად დამედგინა, სად გაუჩინარდა ის გოგო, სანამ ჯერ კიდე ყველას გვქონდა იმედი, რომ ცოცხალი იყო, სახელმწიფომ ჩათვალა, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში შეგროვებულ ინფორმაციაში ხელის ჩაყოფის უფლებას აძლევს ეს.

დილით იმ პოზიციაზე ვიყავი, რომ არ ვაპირებდი ჩემი მობილურის არც გადაცემას, არც პაროლის მიცემას. თუმცა, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა და რაც უფრო მეტ ადამიანს ველაპარაკე, ყველა მარწმუნებდა, რომ უკეთესი იქნებოდა ჩემთვისვე, რომ მიმეცა პაროლი.

"მოსამართლე გამოძიებას დაუდგება გვერდში, პაროლს თუ არ მისცემ", "კომპიუტერსაც წაიღებენ, უვადოდ ექნებათ შენახული და გატეხვას ეცდებიან", "თუ მოსამართლე დაგავალებს პაროლის მიცემას და არ მისცემ, დაგიჭერენ" მესმოდა ყველგან. ამ ყველაფერმა იქამდე მიმიყვანა, რომ დღის ბოლოს ერთ-ერთ ჟურნალისტთან ინტერვიუში ვთქვი, რომ მივცემ პაროლს გამოძიებას, დასამალი მაინც არაფერი მაქვს, არც ის ჩამიდენია, რაშიც ბრალს მდებენ (ბრალი სამართლებრივი გაგებით არ იგულისხმება, არ წაუყენებიათ. ოფიციალურად მოწმის სტატუსით ვარ ჯერ). ლეპტოპის წართმევაც სამსახურის და ერთადერთი შემოსავლის დაკარგვას უდრის ჩემთვის და ვერ გავრისკავ-მეთქი.

მაგრამ მერე გავბრაზდი საკუთარ თავზე. რატომ უნდა მივცე ჩემ ცხოვრებაზე ულიმიტო წვდომა იმათ, ვინც შემდეგ ყველანაირად ეცდება, რომ ჩემ წინააღმდეგ გამოიყენოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში? რატომ უნდა კითხულობდეს ვიღაც პროკურორი თუ შსს-ს თანამშრომელი, ჩემ მეგობრებს რას ველაპარაკები, როცა საერთოდ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია? პაროლის მიცემა ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ჩემს, არამედ ჩემი ყველა ნაცნობის და მეგობრის ინფორმაციასაც გადავცემ მოძალადე სახელმწიფოს, ვისთანაც კი ოდესმე შეხება მქონია.

ჰოდა გავბრაზდი საკუთარ თავზე, გავბრაზდი, რომ ტირანიას ვეგუებოდი. როგორც კი მივხვდი ამას, გადავწყვიტე, რომ არ შევეგუებოდი. არც ჩემ პაროლს მიიღებს ვინმე, არც ჩემ პირად ინფორმაციას იქამდე, სანამ ჩემ დანაშაულს არ დაამტკიცებენ. ხოლო რაც ბუნებაში არ არსებობს, მაგის დამტკიცებაში წარმატებებს ვუსურვებ ნებისმიერს. გედოთ ეგ ტელეფონი მანდ, მაშანტაჟეთ. გატეხვით ვერ გატეხავთ, მაგრამ თუ მაინც როგორღაც მოახერხეთ, ჩათვალეთ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება არ გავჩერდები იქამდე, სანამ სათითაოდ ყველას პასუხს არ გაგებინებთ მაგის გამო.

არ შევეგუები უსამართლობას. ჩემს პერსონალურ ინფორმაციაზე ტოტალური კონტროლის დამყარების უფლება არავის აქვს. ცხოვრებისეული მტერი გაიჩინა სახელმწიფომ დღეს, რომელიც ყველა კანონიერი საშუალებით ეცდება, რომ ეს მახინჯი სისტემა შეცვალოს და არავის ჰქონდეს ადამიანების ცხოვრებაში უპრაგონოდ ხელის ფათურის უფლება. ასე მგონია მე სწორი და რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, ასე მოვიქცევი", - წერს პროგრამისტი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system