თავში

თავისუფლების ფასი არაფერია, მაგრამ საპატიმროში გული დავტოვე - რუსუდან კერვალიშვილი

თავისუფლების ფასი არაფერია, მაგრამ საპატიმროში გული დავტოვე - რუსუდან კერვალიშვილი
თავისუფლების ფასი არაფერია, მაგრამ საპატიმროში გული დავტოვე - რუსუდან კერვალიშვილი

თავისუფლების ფასი არაფერია. აქ თავისუფლებას ვგრძნობდი ჩიტების ფრენით, იმიტომ, რომ აქ ძალიან ბევრი ჩიტია, - ამის შესახებ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ რუსუდან კერვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საპატიმროში გული დატოვა, რადგან იქ ჯერ კიდევ რჩება მისი და, მაია რჩეულიშვილი. 

კერველიშვილმა ასევე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლომდე თავისუფალი და ბედნიერი მაშინ იქნება, როცა მათი კომპანიის მშენებლობით დაზარალებულები დაკმაყოფილდებიან. მისივე განმარტებით, მაია რჩეულიშვილი თბილისის მერიასთან და პროკურატურასთან თანამშრომლობს და საპროცესო გარიგებას ელოდება. როგორც მან განმარტა, საპროცესო გარიგების პირობა იქნება ყველა მშენებლობის დასრულება. 

„რა თქმა უნდა, განცდა ძალიან ბევრი მაქვს. ერთი - მაქვს სინანული, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვენდო წლების განმავლობაში, დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადია მაია აქ არის და მე 4 წელი, რომ პრობლემა დასრულდეს. ახლა იმედი მოგვეცა, რომ მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება მერიასთან ერთად. ჩვენი ამოცანა ერთია - ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდეს თავის ბინაში და მიიღოს თავისი ქონება. მხოლოდ ამის შემდეგ ვიქნებით მართლა თავისუფლები და ბედნიერები.

პროცესში ჩაერთვება მაია. მე ძალიან ბევრი წელია ჩამოშორებული ვარ პროცესიდან. 2007 წლიდან აღარ ვყოფილვარ კომპანიაში, მაგრამ ყველფერში გვერდით დავუდგები, ყველასთან ვთანამშრომლობთ, პირველ რიგში, მერიასთან მაია თანამშრომლობს, პროკურატურასთან ვთანამშრომლობთ და შესაბამისად საპროცესო გარიგებას ველოდებით. 

ყველაფერი გადაეცათ ინვესტორებს, რა ქონებაც არსებობს. შესაბამისად, გადაეცემათ ფული, ასევე კომპანიიდან და მერიის დახმარებით. ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად სხვადასხვა კომპანია დაამთავრებს დასამთავრებელ მშენებლობას. მაია არის ის ადამიანი, ვის გარეშეც შეუძლებელია ეს საქმე დასრულდეს. ამიტომ, მისი აქ ყოფნა 5 წელი იყო მხოლოდ მუშაობა ამ საკითხებთან დაკავშირებით. მისი სათქმელი არის ის, რომ რაც შეიძლება ჩქარა მისცენ საშუალება, ჩაერთოს პროცესში და და დაასრულოს ეს პროცესი“, - განაცხადა კერვალიშვილმა.

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა. მან 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა. 

კერვალიშვილს პატიმრობა ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ის“ ეპიზოდზე 2017 წელს მიესაჯა.

რაც შეეხება მის დას, მაია რჩეულიშვილს, შეფარდებული 7-წლიანი სასჯელიდან მას უკვე 4 წელზე მეტი მოხდილი აქვს. კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ამნისტიის აქტი შეეხო, მაგრამ საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება.

მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედება ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system