თავში

TBC ბანკში ნაცემი მოქალაქე ბანკისგან 30 000 ლარს მოითხოვს

​TBC ბანკში ნაცემი მოქალაქე ბანკისგან 30 000 ლარს მოითხოვს
TBC ბანკში ნაცემი მოქალაქე ბანკისგან 30 000 ლარს მოითხოვს

2020 წლის 27 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მოსამართლე ლია ავალიშვილის თავმჯდომარეობით, TBC ბანკში, ამავე ბანკის სესხების ექსპერტის მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტზე, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საქმეზე, პირველ სხდომას გამართავს. ზვიად გოგიაშვილი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, ბანკისგან 30 000 ლარის გადახდას მოითხოვს. ამის შესახებ report ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია  „ახალგაზრდა ადვოკატებიდან“ აცნობეს.

უფლებადამცველების მტკიცებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 14 ივნისს, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურამ ზვიად გოგიაშვილი დაზარალებულად ცნო. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათიდან 10:14 საათამდე დროის პერიოდში, ქ. თბილისში, მეტროსადგური ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლში“ მდებარე „თიბისი ბანკში“ ყოფნისას, ზვიად გოგიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „თიბისი ბანკის“ სესხების ექსპერტმა მ.კ-მ, რომელმაც მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად დაარტყა სახის არეში, კერძოდ, ცხვირის მიდამოში, რამაც გამოიწვია ცხვირის არეში მოტეხილობა. დატყმის შედეგად, ზვიად გოგიაშვილმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დგინდება, რომ მოქალაქემ სამედიცინო ცენტრს მიმართა ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით. ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, მოქალაქის მიმართ მოხდა ჩარევა - სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობების ჩასწორება და იმობილიზაცია, ყბების ან სახის ძვლების ოსტეოპლასტიკა ძვლოვანი გრაფტ-ის ან უცხო მასალის გამოყენებით, სხვა რეკონსტრუქციული ოპერაციები ყბებზე. კლინიკის მიერ გაცემული დოკუმენტის თანახმად, მოსარჩელის მიმართ განხორციელდა შემდეგი სახის მომსახურება და დაისვა შემდეგი სახის დიაგნოზი - S600161 S02.7/S02.8 ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები / ქალასა და სახის სხვა ძვლების მოტეხილობა AASD99 EES EFS EDS EGS EKS სხვა ოპერაციები თავის ტრამვის გამო, ზედა ყბის ქირურგია, ყბების შერეული ქირურგია, ქვედა ყბის ქირურგია, საფეთქელ-ქვედა ყბა. ამასთან, კლინიკის ჩანაწერის მიხედვით, მოქალაქე კლინიკაში მოთავსდა თვითდინებით და საჭიროებდა ოპერაციულ ჩარევას. მოქალაქე, დღემდე დასახელებულ კლინიკაში აგრძელებს სარეაბილიტაციო კურსს.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ზვიად გოგიაშვილმა საგამოძიებო მოქმედებების პროცესში ამოიცნო თავმდამსხმელი. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ბანკის მხრიდან დასაქმებულის მიმართ შეჩერებულია შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. გამოძიებამ დაკითხა დასახელებული ფილიალის მენეჯერი, თუმცა უცნობია, დაიკითხა თუ არა თავად თავმდამსხმელი. TBC ბანკმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნავს, რომ მოქალაქემ თვითდაზიენებები თავად მიიყენა, რაც "ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, მეტყველებს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ნაკლზე და ახალისებს მოქალაქეების, მომხმარებლების წინაშე ბანკში ცემის დაშვებას და ზოგადად, დანაშაულს.

ცნობისთვის, ზვიად გოგიაშვილმა სარჩელით სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს მიმართა. მანამდე, 2019 წლის 2 ივლისს, სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულეთა უზრუნველყოფის შესახებ და TBC ბანკს დაევალა ზვიად გოგიაშვილის ცემის ფაქტის ამსახველი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერის გაცემა, რაც ბანკმა საკუთარი ნებით არ გადასცა დაზარალებულს. 

"ახალგაზრდა ადვოკატებში" report.ge-ს განუმარტეს, რომ აღნიშნულ კადრებში სრულადაა წარმოდგენილი მოქალაქის ცემის ამსახველი ქრონიკა. ორგანიზაციამ დაზარალებულის უფლებების დაცვის ინტერესი ჯერ კიდევ 2019 წლის 7 ივნისს გამოთქვა, რა დროსაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ბანკს მოუწოდეს საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა. ზვიად გოგიაშვილის საქმეზე რეაგირების მიზნით, მიემართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდნეტს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმეზე TBC ბანკის სესხების ყოფილი ოფიცრის მიმართ, ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, TBC ბანკმა ჩაშალა მოლაპარაკების პროცესი, რომელიც მხარეთა შესაძლო მორიგების შესაძლებლობას შეეხებოდა.

TBC ბანკში, ამავე ბანკის სესხების ექსპერტის მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტზე, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საქმეზე, პირველ სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მოსამართლე ლია ავალიშვილის თავმჯდომარეობით, ხვალ 12 საათზე გამართავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system