თავში

,,ტყუილია, თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა" - ვლადიმერ ბორცვაძე

,,ტყუილია, თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა" - ვლადიმერ ბორცვაძე
,,ტყუილია, თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა - ვლადიმერ ბორცვაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა დააკავეს და შემდეგ გაექცათ.

,,ეს არის მიზანმიმართულად, უტიფრად, სიცრუის ტირაჟირება და გავრცელება, რომ თითქოს, ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა. ტყუილია ეს ყველაფერი. გპირდებით, დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც ბოროტმოქმედის დაკავება მოხდება, ამის შესახებ ინფორმაციას პირველი გაიგებთ ჩვენგან", - განაცხადა ბორცვაძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმე ტერორიზმის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system