თავში

ვგმობთ პარტიების განცხადებას გოგი წულაიას მიმართ - ქალთა ორგანიზაციები

ვგმობთ პარტიების განცხადებას გოგი წულაიას მიმართ - ქალთა ორგანიზაციები
ვგმობთ პარტიების განცხადებას გოგი წულაიას მიმართ - ქალთა ორგანიზაციები

ქალთა მოძრაობა და ქალთა ორგანიზაციები გოგი წულაიას შესახებ ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებას გმობენ და აცხადებენ, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული განცხადება უკიდურესად შემაშფოთებელია.

"ქალთა მოძრაობა და ქალთა ორგანიზაციები გმობენ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერ განცხადებას სქესობრივ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას მიმართ.

პარტიების მხარდამჭერი განცხადება გოგი წულაიას მიმართ არის უკიდურესად შემაშფოთებელი. განცხადებაში ნათქვამია, რომ „გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე.“

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ 138-ე მუხლი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და ასეთი ქმედებისთვის, მოცემულ საქმეზე არსებული რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრალდებული არის გავლენიანი ფიგურა და შეუძლია ხელი შეუშალოს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, მათ შორის, დაზარალებულზე ზეწოლის გზით.

პარტიები აღნიშნავენ, რომ „ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება,“ ეს ინფორმაცია არ დასტურდება სტატისტიკით. პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ დაწყებული გამოძიებებისა და პასუხისგებაში მიცემულ პირთა რიცხვი ისედაც დაბალია ამ ქვეყანაში, მართლმსაჯულების სისტემა არ არის მგრძნობიარე და ორიენტირებული მსხვერპლის დაცვაზე და შეღავათიანი და მსუბუქი დამოკიდებულება სექსუალური მოძალადეების მიმართ ზოგადად არის პრობლემა. იმის მაგივრად, რომ პარტიები ითხოვდნენ სექსუალურ ძალადობაში მხილებული პირების მიმართ მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გატარებას, ისინი მოუწოდებენ მართლმსაჯულების სისტემას შეღავათი გაუწიოს პოლიტიკოს კაცს და ზოგადად შეინარჩუნოს ქვეყანამ არასერიოზული და ხელისშემწყობი დამოკიდებულება სექსუალური მოძალადეების მიმართ.

ასეთი დამოკიდებულება აზიანებს ყველა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს და აქეზებს მოძალადეებს.

არსებული პრაქტიკა მიუთითებს, რომ 138-ე და სხვა სქესობრივი დანაშაულების დროს აღკვეთის ღონისძიების სახით, როგორც წესი, გამოიყენება პატიმრობა. საქართველოში და სასურველია გამკაცრდეს სისხლის სამართლის პოლიტიკა ასეთ დანაშაულებზე, არათუ შემსუბუქდეს და გაგრძელდეს სექსუალური მოძალადეების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება.

ამასთან, აღნიშნულ საქმეზე, ცდილობენ რა პარტიები გამოიყვანონ ეს საქმე პოლიტიკურ დევნად, ხშირად გამოიყენებენ ტერმინებს „დანაშაულის პროვოცირებას“, რაც არის სრულიად მიუღებელი და არასწორი დამოკიდებულება ზოგადად სექსუალური ძალადობის საქმეების მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქალთა ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებს ხელმოწერების გაწვევისკენ მოუწოდებენ.

"აღნიშნულ საქმეში გოგი წულაიას პოლიტპატიმრად შერაცხვის მცდელობა არის განპირობებული პარტიული მიკერძოებულობით და მოკლებულია საფუძველს. პოლიტიკური პარტიების მიერ სექსუალური მოძალადის მხარდაჭერა და მისთვის შეღავათიანი აღკვეთის ღონისძიებების მოთხოვნა კი წარმოადგენს სექსუალური ძალადობის მსხვერპლების დისკრიმინაციას და მოძალდეების მხარდაჭერას.

მოვუწოდებთ:

  • პოლიტიკურ პარტიებს გაიწვიონ ხელმოწერები აღნიშნული განცხადებიდან;
  • მედიებს თავი შეიკავონ სექსუალური ძალადობის შემთხვევების „დანაშაულის პროვოცირებად“ შერაცხვისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს: "ქალთა მოძრაობა", "საფარი", "ქალები საქართველოდან" და  "ქალები საერთო მომავლისთვის".

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ გიორგი (გოგი) წულაიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებას დღესვე განცხადებით უპასუხა.

შეგახსენებთ, 22-მა ოპოზიციურმა პარტიამ, გიორგი (გოგი) წულაიასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system