თავში

გემების სირენებს უსმენდი პორტში - ზურა ჯიშკარიანი

​გემების სირენებს უსმენდი პორტში - ზურა ჯიშკარიანი
გემების სირენებს უსმენდი პორტში - ზურა ჯიშკარიანი

გემების სირენებს უსმენდი პორტში და ფიქრობდი ასე ღმუის ღამეც, იაგუარივით ჩასაფრებული ხეებივით ამოსული კორპუსების უკან. ცა გავდა გალაქტიკურ ფეერვერკს, თითქოს მთელი სამყარო აღნიშნავდა მოახლოებულ ახალ წელს. ამ სახალხო სიხარულსა და ბაკქანალიას მუდამ თან დაყვება უცნაური სევდა თუ მელანქოლია, მოგონებები ქალაქებზე, რომლებიც არ გინახავს.

ხელში გეჭირა მამაშენის პისტოლეტი. რისთვის? არავინ იცის. იქნებ იმ მოულოდნელი საფრთხისთვის ჩაბნელებულმა ქუჩებმა რომ იცის, სადღაც იმავე ქუჩების ჩიხებში ისწავლე ადრე ვიღაცეებისგან, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია და ალბათ სჯობს შეიარაღებული იყო.

სუსტად მბჟუტავი განთებების ბოძები მიუყვებოდნენ ხეივანს ზღვის პირას, თვითონ ზღვა ტალღების მარადიული ემბიენთით გამშვიდებდა - ამ ტალღების ხმაური ასიათასობით წლის წინადაც ისმოდა ასე და ასე იქნება მას შემდეგ, როცა შენ არ იქნები.

წყვილი იდგა ღამის ზღვის პირას, - ობოლი ბავშვებივით ხელჩაკიდებულნი გაყურებდნენ წყვდიადს, ნეტავ რას ელოდნენ? სიყვარულის ენდორფინები და ღამის უცნაური მაგია - ხიფათისა და სიმშვიდის ნაზავი დადიოდნენ დენივით მათ სხეულებში. შენ ეს იგრძენი, იმიტომ რომ შენც გიყვარს.

ცას სერავდა კარლიკი, ვარსკვლავისფერი შორეული თანამგზავრი, რომელზეც სურვილის ჩაფიქრება უკვე ხსნილია, და თვითმფრინავი - ფერადი შუქების მონაცვლეობით, მიფრინავდა თბილი ქვეყნებისკენ, როგორც გადამფრენი ფრინველი. დელფინები ფხიზლობდნენ ზღვის სიღრმეებში, რომ მარტო არ გეგრძნო თავი.

ბავშვობიდან გეგონა, რომ შეიძლება პისტოლეტით ციდან ვარსკვლავის ჩამოგდება და ამ მბჟუტავი პატარა ბურთის სახლში წაღება(მაშინ გეგონა, რომ ისინი მრგვალ ნათურებს ჰგავდნენ), რომელიც ჩაბნელებულ კორპუსს თავისებურ განათებას მისცემდა და ადამიანები უკეთ გაარჩევდნენ ერთმანეთის სახეებსა და თვალებს, ვიდრე სანთლების შუქზე.

გადავტენე.

Როცა გადატენილი ირაღი გიჭრავს ხელში, სრულიად სხვა, აქამდე რომ არ იცოდი ისეთი ამოუხსნელი ემოციები ეუფლება სხეულს: ადრენალინის, სიმშვიდისა და ავანტიურის მიქსტურა. სისხლიც სხვანაირად იწყებს მოძრაობას, კონცენტრაცია უდარდელობას ეზავება - იცი რომ აბოიმაში არსებული ტყვიების რაოდენობა შენი არაცნობიერის არქეტიპული მესიჯებია, ძველი დავიწყებული ღმერთებისა და განებივრებული მონარქების ახირება, რომელიც გინდა ვარსკვლავებს მიწვდეს. მხოლოდ ვარსკვლავებისკენ სწრაფვაშია ჩვენი უკვდავების საიდუმლო - Როცა კაცობრიობა განსახლდება სხვადასხვა პლანეტებზე, იქცევა სპირიტუალურ კიბორგებად და ჩვენი მზის ნაცვლად აბსოლუტურად სხვა ვარსკვლავების ნათების ქვეშ იცხოვრებს. ლურჯი დაისები მარსზე და კიდევ უფრო შორს, სხვა მზის სისტემაში.

ზღვიდან შორს, ქალაქის სიღრმეში უკვე ისმოდა ფეერვერკების აფეთქებები, სამოქალაქო ომის მონეტის მეორე მხარე, კარნავალი დენთისა და სიხარულის არომატით.

შენ კი დედა-ზღვასთან, გადატენილი იარაღითა და უცნაური ფიქრებით სამყაროს მარადიულ დაბრუნებაზე. გავა მილიარდი წელი და ატომები ისევ ისე დალაგდებიან, როგორც ეხლა და ჩვენ თავიდან ვიცხოვრებთ იგივე ცხოვრებას, ან იქნებ ეს უკვე მოხდა? იქნებ ჩვენ უკვე ვიყავით აქ და არ გვახსოვს, იქნებ ეს კიდევ მილიონჯერ მოხდება.

შენ გასცდი წყვილს, დაახლოებით 200-300 მეტრით, ჩახვედი ზღვის საზღვართან, სადაც თბილი პატარა ტალღები ეხეთქებოდნენ ბარიკადებივით აღმართულ უზარმაზარ ლოდებს, ასწიე იარაღი მაღლა, სულ მაღლა და დაიწყე სროლა. იყო ამაში რაღაც არქაული, სისასტიკის თეატრისა და პირველყოფილი ტომების უცნაური, ინიციაციური რიტუალების მსგავსი, რაღაც რაც გაახლოვებდა თან გორილასთან და თან იყო ნაზი და უმისამართო, ცალმხრივი სიყვარულივით.

ტყვიებმა დასერეს ცა, მაგრამ რათქმაუნდა ვერ გასცდნენ სტრატოსფეროს, ალბათ სადღაც ზღვაში ჩაიკარგნენ ჩამოვარდნისას, არცერთი ნათურა ვარსკვლავი ჩამოვარდნილა დაბლა, მაგრამ როგორც შვილს მარადიული ომისა - გესიამოვნა ეს აქტი.

აქტი განუხორციელებელი ოცნებისა, მოგონებისა დავიწყებული ომის, საფრთხის შემცველი ემოციებისგან დაცლა. ზღვა ხომ ყოველთვის იყო შენი დედა, იქიდანვე როცა დატოვე საკუთარი ქალაქი და მას ახსოვს ამ ტყვიების კაკანი, მას ახსოვს ყველაფერი პლანეტის წარმოშობიდან ვიდრე დღემდე, მას ესმის შენი - ბოლობოლო მან გშობა და არა დედამ.

ტალღები შეგეხნენ ფეხისგულებზე და ასეთი იყო შენი ახალი წელი - ზღვისა და კოსმოსის მარადიულობა და შენი ერთადერთი, თუ მრავალჯერადი ცხოვრების საზეიმო აუხსნელობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system