
განსაკუთრებული განცდაა, როცა იმ ადამიანს ეხმარები , რომელსაც ყველა იმედი გადაწურული აქვს , - ამბობს 32 წლის მეხანძრე-მაშველი, გიორგი ქათამაძე. მან, წლების წინ, გადაწყვიტა, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესია აერჩია. ამბობს, რომ ამით ბავშვობის ოცნება აისრულა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში უკვე შვიდი წელია მუშაობს, როდესაც მორიგეობაზე მიდის, არასდროს იცის, როგორ წარიმართება დღე და რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. როგორც გიორგი ამბობს, მისი პროფესია შეცდომის უფლებას არ იძლევა.