თავში

მარსზე ვერტმფრენის პირველი გაფრენა გადაიდო

​მარსზე ვერტმფრენის პირველი გაფრენა გადაიდო
მარსზე ვერტმფრენის პირველი გაფრენა გადაიდო

ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) მარსზე ვერტმფრენის პირველი გაფრენა 14 აპრილამდე გადადო. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

გაფრენა კვირას, 11 აპრილს იგეგმებოდა, თუმცა გადადების მიზეზი გახდა პრობლემები, რომლებიც ვერტმფრენის მაღალსიჩქარიანი ბრუნვის როტორის ტესტირების დროს წარმოიქმნა. მისიის წარმატებით შესასრულებლად, მარსის ატმოსფერის დაბალი სიმკვრივის გამო, საფრენმა აპარატმა პროპელერი წუთში 2537 ბრუნამდე უნდა ააჩქაროს.

,,ტესტირების დროს მარსმფრენის ბორტკომპიუტერს მცირე ტექნიკური პრობლემები შეექმნა, თუმცა ამჟამად ვერტმფრენი უსაფრთხო მდგომარეობაშია და მისი დისტანციური შეკეთება შესაძლებელია. ასევე წარმატებით ხორციელდება რადიოკავშირი დედამიწასა და მარსს შორის. იქიდან მომავალი ყველა ტელემეტრიული მონაცემი მიღებულია’’-აღნიშნავს NASA-ს წარმომადგენლობა.

ამ დროისთვის სპეციალისტები ამოწმებენ ტელემეტრიას, რათა მოხდეს მარსმფრენის ტექნიკური დიაგნოსტირება და პრობლემის იდენტიფიკაცია. სრული სისტემური შემოწმების და შეკეთების შემდეგ ჩაინიშნება გაფრენის კონკრეტული დრო.

გეგმის თანახმად, 1,8 კილოგრამი წონის მქონე მარსმფრენი მიწის ზედაპირიდან 3 მეტრის სიმაღლეზე უნდა აფრინდეს და 30 წამის განმავლობაში იყოს ჰაერში ჩამოკიდებული, რის შემდეგაც ის ისევ წითელ პლანეტაზე დაეშვება. პირველი გაფრენის წარმატებით დასრულების შემთხვევაში დაიგეგმება გაფრენა ბევრად უფრო შორ მანძილებზე და მაღალ სიმაღლეზე.

ვერტმფრენი სახელწოდებით Ingenuity მარსმავალთან ერთად წითელ პლანეტაზე 2021 წლის თებერვალში დაეშვა პლანეტის შესასწავლად. მარსმავალმა სახელად Perseverance მარსმფრენთან ერთად მისიის 46-ე დღეს სელფი გადაიღო. 

მისია Mars 2020 Perseverance  ნასა-ს მთვარისა და მარსის გამოკვლევის მასშტაბური გეგმის მცირე ნაწილია, რომელიც სამომავლოდ  ორივე პლანეტაზე ასევე ადამიანების გაშვებასაც გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system