თავში

20 ივნისის აქციაზე დაკავებულების მშობლები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

20 ივნისის აქციაზე დაკავებულების მშობლები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ
20 ივნისის აქციაზე დაკავებულების მშობლები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

20 ივნისის ღამით დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის და ბესიკ თამლინის მშობლები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. 

არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავაც ესწრებოდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა დაკავებულების ოჯახის წევრებმა განაცხადეს, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრით კმაყოფილები არიან და იმედოვნებენ, რომ არჩილ თალაკვაძე მათ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებათ.

" ეს იყო ნანატრი შეხვედრა თალაკვაძესთან. მეგონა სივრცე აღარ იყო დარჩენილი, სადაც რაიმეს თქმა შემეძლო და ეს ყოფილა ძალიან დიდი სივრცე თურმე. მოგვისმინა პარლამენტის თავმჯდომარემ და დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენს პრობლემებს გულთან მიიტანს. ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობასს და ზოგადად ყველა იმ პრობლემას, რომელიც ჩვენს შვილებს აქვთ, მივიღეთ პირობა, რომ ყურადღებით გაეცნობიან" - განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილის დედამ მაგული გობეჯიშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულების, ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის ოჯახის წევრები, მათი ადვოკატები, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას მეუღლე.

დაკავებულების ოჯახის წევრებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საკითხით დაინტერესება სთხოვეს. შეხვედრის მონაწილეთა თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია 20-21 ივნისის საქმეზე, ასევე იმ შესაძლო მუქარებზე, რაც ბოლო თვეების განმავლობაში დაკავებულების ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდება.

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება გიორგი რურუას, სამართალდამცავებმა ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system