თავში

20 ივნისის აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

20 ივნისის აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ
20 ივნისის აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულების, ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის ოჯახის წევრები და დაკავებულების ადვოკატები „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა საქართველოს პარლამენტში შედგა. 

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას მეუღლე. 

დაკავებულების ოჯახის წევრებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საკითხით დაინტერესება სთხოვეს. შეხვედრის მონაწილეთა თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია 20-21 ივნისის საქმეზე, ასევე იმ შესაძლო მუქარებზე, რაც ბოლო თვეების განმავლობაში დაკავებულების ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდება. 

როგორც დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის გაჩერებას არ აპირებს და სხვადასხვა გზით შეეცდება სიმართლის დადგენას. 

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება გიორგი რურუას, სამართალდამცავებმა ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.
 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system