თავში

აკაკი ზოიძე: მზად ვარ, ერთი კვირით, ვაჟა გაფრინდაშვილის ადგილი დავიკავო სეპარატისტული რეჟიმის მძევლად

აკაკი ზოიძე: მზად ვარ, ერთი კვირით, ვაჟა გაფრინდაშვილის ადგილი დავიკავო სეპარატისტული რეჟიმის მძევლად
აკაკი ზოიძე: მზად ვარ, ერთი კვირით, ვაჟა გაფრინდაშვილის ადგილი დავიკავო სეპარატისტული რეჟიმის მძევლად

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ მზად არის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ცხინვალის ციხეში ერთი კვირა გაატაროს. 

"ჰიპოკრატეს ფიცი ყველა ენაზე, ყველა ერისთვის ერთნაირად ჟღერს. ვაჟა გაფრინდაშვილი რჩება მძევლად, ამას არც უკანონო პატიმრობა ჰქვია და არც არაფერი, ეს ადამიანი თავისი პატრიოტიზმის გამოა აყვანილი მძევლად. ექიმების ინიციატივა გახლავთ და ყველა ექიმმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ თითო კვირით დაიკავოს მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად. მეც მინდა შევუერთდე ამ ინიციატივას და მზად ვარ წავიდე ერთი კვირით, თუ ასეთი პრინციპიულია სეპარატისტული რეჟიმისთვის იმ ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეხმარებოდნენ დაჭრილებს, მიუხედავად მათი ეროვნებისა, მაშინ, ჩვენ, ყველანი ვართ ვაჟა გაფრინდაშვილები" - განაცხადა ზოიძემ. 

შეგახსენებთ, რომ დეფაქტო „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს. აღნიშნულ იფნორმაციას კატეგორიულად უარყოფენ გაფრინდაშვილის კოლეგები და ოჯახის წევრები. მათი თქმით, გაფრინდაშვილი იმ დროს ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა და მკურნალობდა ომში დაშავებულ ყველა ადამიანს, განურჩევლად ეროვნებისა, მათ შორის დაშავებულ რუს პილოტებს. 

ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება. საქმე ახალგორის ე.წ.-მა სასამართლომ განიხილა. გაფრინდაშვილთან ერთად დაკავებულ სამ მოქალაქეს სასჯელის სახით გაძევება და ფულადი ჯარიმა შეეფარდა, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ იზოლატორში გადაიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ის ციხეშია გადაყვანილი. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება გრძელდება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში იქაური პაციენტების დასახმარებლად მიდიოდა, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მას რამდენიმე არხით აქვს მიღებული ინფორმაცია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა დედაქალაქსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა"თეთრი ხალათების" აქცია თავიანთი კლინიკების ტერიტორიაზე გამართეს.

დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system