თავში

ამგვარი დანიშვნები ეწინააღმდეგება რეკომენდაციებს - ევროკავშირის წარმომადგენლობა

ამგვარი დანიშვნები ეწინააღმდეგება რეკომენდაციებს - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ამგვარი დანიშვნები ეწინააღმდეგება რეკომენდაციებს - ევროკავშირის წარმომადგენლობა

ამგვარი დანიშვნების განხორციელება მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე, ეწინააღმდეგება ეუთოს/ დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისისა (ეუთო/ოდირი) და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში , რომელსაც დიპლომატიური უწყება უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირის წარმომადგენლობა მიუთითებს, რომ ბოლოდროინდელი დანიშვნები 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება და ხელისუფლებას ევროკავშირის მხრიდან დახმარებას ახსენებს:

"ბოლოდროინდელი დანიშვნები ეწინააღმდეგება ამა წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ლიდერების მიერ აღებულ ვალდებულებას მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმირების შესახებ, რაც მათ 28 ივლისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ეს მოიცავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამდე კანდიდატების წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგება სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის განმტკიცებას, ფართო, ინკლიუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმების გზით.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი მზადყოფნისა, სრულად დაუჭიროს მხარი ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, საქართველოს დახმარება ევროკავშირის მხრიდან საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული სასამართლო რეფორმის ჩათვლით." ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system