თავში

ამიტომ მოვაწერეთ ხელი ამ შეთანხმებას - ბადრი ჯაფარიძე

ამიტომ მოვაწერეთ ხელი ამ შეთანხმებას - ბადრი ჯაფარიძე
ამიტომ მოვაწერეთ ხელი ამ შეთანხმებას - ბადრი ჯაფარიძე

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, პარლამენტში მუშაობას შეუდგებიან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ გიორგი რურუა და ნიკა მელია რაც უფრო სწრაფად გამოვლენ, უფრო სწრაფად ჩაერთვებიან საპარლამენტო მუშაობაში.

"გიორგი რურუა და ნიკა მელია გათავისუფლდებიან, მაგრამ გვინდა, ეს სწრაფად მოხდეს. მელიას თანხმობის გარეშე ძალით გირაოს არავინ გადაიხდის. შესაბამისად, უნდა მოიძებნოს ამ შეთანხმების სულისკვეთებიდან გამომდინარე ისეთი გადაწყვეტილება, რომელზეც არ შეიქმნება წინააღმდეგობა. ყველაფერი რომ შეთანხმებული იყოს, მელია იქნებოდა ამწუთას გარეთ, ამიტომ უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა.

როდესაც იქნება ორი ადამიანი გარეთ, ჩვენ პარლამენტში მუშაობას შევუდგებით, მაგრამ შესაძლებელია, მანამდე, ამნისტიის კანონამდე თუ ვერ გათავისუფლდება ეს ხალხი, მაშინ ალბათ ამნისტიის კანონს უნდა დავუჭიროთ მხარი, რათა ეს ხალხი გამოვიდეს გარეთ.

მაგრამ რაც უფრო სწრაფად გამოვლენ ეს ადამიანები და ჩვენ ეს ვუთხარით ბატონ მიშელს, მით უფრო სწრაფად შევძლებთ, ჩავერთოთ საპარლამენტო მუშაობაში. მინდა, მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, რომ პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხს, იმ თვალსაზრისით, რომ ეს დეესკალაცია და კრიზისის განმუხტვა ჩვენს ქვეყანას სჭირდება და რაღაც სიჯიუტის გამო, ნუ შექმნიან ისეთ წინააღმდეგობას, რომელიც ხელს შეუშლის ამ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში იმ სულისკვეთებით ვმონაწილეობდით და ვმონაწილეობთ, რომ ყველა პირობა შესრულდეს. ამიტომ მოვაწერეთ ხელი ამ შეთანხმებას", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ის თავს მოტყუებულად გრძნობს და გირაოს გადახდის წინააღმდეგია.

19 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  მზად არის სკანდალური გადაწყვეტილება მიიღოს და გიორგი რურუა საკუთარი პირობებით შეიწყალოს.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

დღეს დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირა დამატებით კიდევ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა.

18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system