თავში

ამნისტიის პროექტი მთლიანად თანხვედრაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან - თალაკვაძე

ამნისტიის პროექტი მთლიანად თანხვედრაშია
ამნისტიის პროექტი მთლიანად თანხვედრაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან - თალაკვაძე

უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" თანმიმდევრულად ასრულებს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.

მისი თქმით, ამნისტიის პუნქტი მთლიანად იყო შემუშავებული ევროკავშირის მიერ, შარლ მიშელის ხელმძღვანელობით და მმართველ პარტიას არანაირი შესწორება ამ მუხლთან დაკავშირებით არ შეუტანია.

"ეს იყო შეთანხმებული ოპოზიციასთან, შესაბამისად, მათ, ვინც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის შეთანხმებას, ასევე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ შეთანხმება შეასრულონ ისევე პასუხისმგებლიანად, როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ. რაც შეეხება დავას რედაქციებთან დაკავშირებით, ითქვა, თითქოს მმართველ გუნდს აქვს თავისი რედაქცია, ოპოზიციას თავის რედაქცია. სრული პასუხისმგებლობით მინდა, გითხრათ, რომ პროექტი, რომელიც მომზადდა ჩვენ მიერ, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებით, მთლიანად არის თანხვედრაში იმ პრინციპებთან, რომელიც მიშელის შეთანხმებაშია მოცემული. მიშელის შეთანხმებაში ამნისტიასთან დაკავშირებით ძირითადი პრინციპია, რომ ამნისტია იყოს გამოყენებული იმისთვის, რათა მხარეებმა დახურონ პოლიტიკური ისტორიის ფურცელი, რომელიც ყველა დიდი დაპირისპირების საგანი იყო და ამით ხელი შეუწყონ თანამშრომლობას პარლამენტში. ჩვენ მოვაწერეთ ხელი და თანმიმდევრულად ვასრულებთ ამ მოთხოვნას.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ შეთანხმების დამახინჯებით, ან ფრაგმენტული პროექტით დახურავს 20 ივნისის საკითხზე დაპირისპირებას, აუხსნას საზოგადოებას და დაარწმუნოს ბატონი მიშელი იმიტომ, რომ მის შეთავაზებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. შარლ მიშელის დოკუმენტში მოცემული პუნქტი, რომელიც ეხება ამნისტიას, არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციების საშუალებას არ იძლევა და თუ ვინმე ცდილობს, რომ სხვადასხვა პროექტი შემოიტანოს, ეს ეხება ერთადერთს, რომ დროებით სახე შეინარჩუნონ და პოლიტიკური პოზა დაიჭირონ. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არ არის სწორი საქციელი და პასუხისმგებლიანი პოზიცია",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system