
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საკითხი, რომელიც კანონმდებლობით არის ნებადართული, რომ ჩვენთვის მყისიერად იყოს მოწოდებული"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, 15 წლის ლუკა სირაძის თვლითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
" ჩვენ გადავწყვიტეთ რომ პირად კონტროლზე ავიყვანოთ ეს საქმე და ყველა საკითხთან დაკავშირებით მივიღოთ ინფორმაცია იმისთვის, რომ არც საზოგადოებას და რაც მთავარია, არც ოჯახს არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი. სოფო კილაძესთან ერთად, ასევე პირადად მე ავიყვან ამ საქმეს პირად კონტროლზე, ჩვენი კომიტეტების ფარგლებში, დავიბარებთ ყველა საჭირო სუბიექტს, თუ კი ეს გახდება საჭირო. უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი პირველ რიგში, იმ პოლიციის თანამშრომელმა, ვისაც ევალებოდა კონკრეტული საკითხის გარკვევა, ყველამ უნდა აგოს უმკაცრესად პასუხი. ჩვენ გვმართებს გონიერება, ცივი გონებით მივუდგეთ ამ საკითხს. თუ კი კიდევ რაიმე გამოიკვეთება, ვინმეს დამატებით გამოკითხვის და პასუხისმგებლობის საკითხი, იქნება ეს სკოლა თუ სხვა, რა თქმა უნდა ყველამ უნდა გასცეს კითხვებს პასუხები,"- განაცხადა ოხანაშვილმა.
15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.
მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობამდე პოლიციაში გამოკითხეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდის მიერ სუიციდის მცდელობა პოლიციის მხრიდან ზეწოლას უკავშირდებოდა. თუმცა ეს ინფორმაცია შსს-ში უარყვეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, მოზარდის გამოკითხვა მშობლების თანდასწრებით მოხდა და ის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.
გუშინ კი, 15 წლის მოზარდის მიმართ განხორცილებული ზეწოლისა და ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა.
ლევან ფანცხავა
ავტორი