თავში

თურნავა ოპოზიციას: არ არსებობს თვითმფრინავი, რომელიც თქვენ ამომრჩეველს ჩამოგიყვანთ

არ არსებობს თვითმფრინავი, რომელიც თქვენ ამომრჩეველს ჩამოგიყვანთ

"დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება საარჩევნოდ," - ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა „ევროპული საქართველოს“ პრეტენზიებს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

მინისტრი ამტკიცებს, რომ , „ევროპული საქართველო“ ქმნის ილუზიას, რომ მმართველი გუნდი უცხოეთში მყოფ მათ ამომრჩველს არჩევნებში მონაწილეობაში ხელს უშლის. მისივე განცხადებით, საქართველოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს.

„ის პოლიტიკური მოტივი, რომ თითქოს საბერძნეთში არის ბევრი განრისხებული პოტენციური ამომრჩეველი, რომელსაც ჩვენ ხელს ვუშლით აქ შემოსვლაში, რბილად რომ ვთქვათ, სიცრუა. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყოს, აქვს შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მე კარგად მესმის, რომ ეს არის თქვენი მცდელობა, შექმნათ ილუზია, რომ სადღაც შორს არსებობს თქვენი მასობრივი ამომრჩეველი და საქართველოს ხელისუფლება უშლის ხელს. დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება საარჩევნოდ. საქართველოს მართავს პასუხისმგებლიანი „ქართული ოცნების“ გუნდი და როგორც აქამდე წარმატებულად ვუმკლავდებოდით ამ გამოწვევებს, ასევე წარმატებულად გავაგრძელებთ უკვე ახლა, ეკონომიკის გახსნის პირობებში. ის პირველი ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები, რაც გამოვლინდა, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და სირთულისა, ჩვენი მხრიდან გაძლიერდება და მომავალ წელს უკვე სულ სხვა პოზიტიური დინამიკით შევხვდებით“, - განაცხადა თურნავამ და დასძნა, რომ  ყველა აღნიშნულ ავიაკომპანიას აქვს მზაობა, ფრენები განაახლოს.

"ივნისიდან მოყოლებული, ეტაპობრივად ვხსნით ცას და ვიწყებთ ფრენებს და ნელ-ნელა იმ დონეზე გვინდა ავიდეთ, რაც გვქონდა 2019 წელს, როცა ჩვენს ცაზე დაფრინავდა 50-ზე მეტი ავიაკომპანია," - ამბობს მინისტრი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ  2012 წლამდე, სულ 23 ავიაკომპანია იყო ქვეყანაში და 44 მიმართულება. 

"ახლა რომ გახდით ფრენების ქომაგები, რატომ არ შემოიყვანეთ 2012 წლამდე „ვიზეარი“ და „რაინეარი“? ისეთი პათოსით საუბრობთ ამაზე, თითქოს ჩვენი ხელისუფლების დროს არ მოხდა ამ ავიაკომპანიების შემოყვანა. ბატონი რომან გოცირიძის წერილი გვაქვს, რომელიც გვაკრიტიკებდა, რატომ შემოიყვანეთ „რაინეარი“ და სხვა იაფიანი ავიაკომპანიებიო. ნუ ქმნით ისეთ ილუზიას, რომ ახლა გახდით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ქომაგები“, - მიმართა დეპუტატებს ნათია თურნავამ.

მანვე „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიორგი კანდელაკს 2019 წელს „რაინეართან“ დაკავშირებით გამართული პრესკონფერენცია შეახსენა.

„ბატონო გიორგი (კანდელაკი), 2019 წელს, როცა ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივ მოლაპარაკებებს ვასრულებდით, რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, რომ „რაინეარის“ პრეზიდენტთან ერთად დაგვეანონსებინა, რომ ეს გლობალური გიგანტი შემოდიოდა საქართველოში, თქვენ როგორც ჩანს, გაიგეთ ეს ამბავი და რამდენიმე დღით ადრე გამართეთ პრესკონფერენცია და კატეგორიულად მოითხოვეთ, სასწრაფოდ შემოიყვანეთ „რაინეარიო“. მესმის, რომ ყველას უნდა, ჩაგვეზიაროს მიღწევებში, მაგრამ ცოტა უხერხულია. თქვენ იყავით ადამიანი, ვინც ამბობდა, იაფიანი ფრენები იმიტომ შემოიტანეთ, რომ ქვეყანა დაიცალოსო. უხერხულია ბატონებო“, - მიმართა ოპოზიციას თურნავამ.

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. სხდომაზე მთლიანობაში რეგისტრაცია 93- მა დეპუტატმა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომას ამდენივე დეპუტატი ესწრება. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა პასუხისა და დაზუსტების შემდეგ დებატებიც გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system