თავში

არჩილ თალაკვაძე: ახლოს ვართ შეთანხმებასთან

არჩილ თალაკვაძე: ახლოს ვართ შეთანხმებასთან
არჩილ თალაკვაძე: ახლოს ვართ შეთანხმებასთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე პოზიციები მაქსიმალურად დაახლოებულია. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"დღეს კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა, ეს იყო მეგობრული შეხვედრა ჩვენი პარტნიორების და ელჩების ინიციატივით. ნაბიჯები გადადგმულია ყველა მხრიდან, რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების სურვილი არის, რომ დიალოგი დასრულდეს პოზიტიური შედეგით. ვნახოთ, უახლოეს პერიოდში, როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც ხელისუფლება, ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ დემოკრატიულად, სამართლიანად და ჩვენი სურვილია მაქსიმალურად დამკვირვებლების მიერ მოხდეს ობიექტური შეფასებები, თუ როგორი არჩევნები ექნება საქართველოს 2020 წლის შემოდგომაზე. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ მოხდეს შეთანხმება გარკვეულ კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს ჩვენს არჩევნებს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად“, - განაცხადა თალაკვაძემ. 

მისი თქმით, ციფრებსა და პროცენტებზე დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა პოზიციები მაქსიმალურად დაახლოებულია. 

„არის პოზიციები მაქსიმალურად დაახლოებული, ვფიქრობთ, რომ ახლოს ვართ პოლიტიკური ძალები შეთანხმებასთან, რომელიც კომპრომისული იქნება ყველასთვის. ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად მოვემზადოთ დიალოგის შემდეგი შეხვედრისთვის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის რეზიდენციაში ოპოზიციის, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. გერმანიის ელჩის მიწვევით ვახშამზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, ოპოზიციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა. შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ცდილობენ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში დახმარება გაუწიონ.

საარჩევნო საკითხებზე ერთი მსგავსი არაფორმალური შეხვედრა გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მორიგი რაუნდი მალე შედგება.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ შეწყდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system