თავში

არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფოს ბლოკირება არის კანონმდებლობის მიღმა და ამას ვერავინ შეძლებს

არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფოს ბლოკირება არის კანონმდებლობის მიღმა და ამას ვერავინ შეძლებს
არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფოს ბლოკირება არის კანონმდებლობის მიღმა და ამას ვერავინ შეძლებს

სახელმწიფოს ბლოკირება არის კანონმდებლობის მიღმა და ამას ვერავინ შეძლებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 11 დეკემბერს დაგეგმილ პიკეტირებას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პარალელურად იგეგმება. 

„პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს, დაცული იქნება მანიფესტაციის უფლება. კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია, გამოხატოს პროტესტი, მაგრამ სახელმწიფოს ბლოკირება არის უკვე კანონმდებლობის მიღმა და ამას ვერავინ შეძლებს“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა სამართალდამცველი უწყება წყლის ჭავლს, თალაკვაძე ამბობს, რომ ეს მისი გადასაწყვეტი არ არის.

"ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ამაზე შესაბამისი ინსტიტუტები არიან პასუხისმგებლები“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19 კაციან სიას პარლამენტი იურიდიულ კომიტეტში 11 დეკემბერს უყრის კენჭს.

მხარდაჭერის შემთხვევაში, კანდიდატურების დამტკიცება დეპუტატებს უკვე საპარლამენტო სესიაზე მოუწევთ.

ოთხშაბათს სხდომა პიკეტირების ფონზე ჩაივლის. ოპოზიცია პარლამენტთან შეკრებას დილიდან აპირებს. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები სახელისუფლებო გუნდს მოუწოდებდნენ, ჩააგდონ კანდიდატურები.

სახალხო დამცველმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნით ნინო ლომჯარიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა სარჩელით.

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ მზად აქვს დასკვნა, რომელსაც კომიტეტს წარუდგენს. დეპუტატის მტკიცებით, დასკვნაში მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული რისკებია ხაზგასმული.

"მაქვს მომზადებული დამოუკიდებელი დასკვნა, თუ რატომ არ უნდა იყვნენ არჩეული კანდიდატები, რომლებიც არიან ამ სიაში წარმოდგენილნი. დასკვნას შევთავზებ კომიტეტს და პარლამენტში ჩვენს კოლეგებს, რომ კარგად გაიაზრონ, რამდენად სახიფათოა ისეთი მოსამრთლეების არჩევა, რომელთა დიდი ნაწილი წარსულში ძალადობრივ სისტემას ამაგრებდა," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 50 კანდიდატთან გასაუბრება აგვისტოში დაასრულა. შერჩეული 20 კაციანი სია პარლამენტს 7 სექტემბერს წარედგინა. საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის უვადო კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდა.

20 კაციან სიას საკუთარი სურვილით გამოეთიშა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე. მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარი თქვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system