თავში

არის თუ არა დაპირისპირება ტიკარაძესა და ღარიბაშვილს შორის - ნათია თურნავას კომენტარი

არის თუ არა დაპირისპირება ტიკარაძესა და ღარიბაშვილს შორის - ნათია თურნავას კომენტარი
არის თუ არა დაპირისპირება ტიკარაძესა და ღარიბაშვილს შორის - ნათია თურნავას კომენტარი

არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ეს ყურით მოთრეული, მოგონილი თემაა. არაფერიც არ ხდება, მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა - ებრძვის პანდემიას და ზრდის ეკონომიკას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავამ აღნიშნულით უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შორის შესაძლო დაპირისპირების შესახებ. 

როგორც თურნავამ აღნიშნა, მმართველი გუნდის წევრებს ერთმანეთთან ძალიან კარგი, კოლეგიალური ურთიერთობები აქვთ.

„ჩვენ ძალიან კარგი, კოლეგიალური ურთიერთობები გვაქვს. ახლაც საბჭო მიმდინარეობს, რომელიც პანდემიის მართვას ეხება, ყველაფერს კოლეგიალურად ვწყვეტთ. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ეს ყურით მოთრეული, მოგონილი თემაა. იმისთვის, რომ თითქოს რაღაც ხდება. არაფერიც არ ხდება, მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა - ებრძვის პანდემიას და ზრდის ეკონომიკას“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებას, მათ შორის მთავრობის წევრებს რეგულაციების დაცვის თხოვნით მიმართა. 

"მინდა, დღეს გავავრცელო კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. მინდა, დღეს ვთხოვო ასევე მთავრობის ყველა წევრს, რომ ეს არ არის მხოლოდ რეკომენდაციები რეკომენდაციებად... მაშინ, როდესაც 30-ობით ოჯახი დღეს კარგავს თავის დედას, მამას, დას, ძმას, შვილს, არ შეიძლება, რომ ჩვენ დავრჩეთ გულგრილები და არ შეიძლება ჩვენთვის არ იყოს მნიშვნელოვანი ის რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმეორებთ. 

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მაინც გვიწევს დღეს დავაკვირდეთ იმ ხალხმრავალ შეკრებებს, რომლისგანაც ჩვენ თავს ვერ ვიკავებთ, იმ სოციალურ ღონისძიებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვთმობთ და სწორედ მათ გამო ჯანდაცვის სექტორი დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში". - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

7 აგვისტოს, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის პატივსაცემად გამართულ სუფრაზე იყო, სადაც სოციალური დისტანცია დაცული არ იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system