თავში

აშშ-ის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს PCR ტესტირების აპარატები და ტესტები გადასცა

აშშ-ის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს PCR ტესტირების აპარატები და ტესტები გადასცა
აშშ-ის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს PCR ტესტირების აპარატები და ტესტები გადასცა

ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტირების ორი აპარატი და 4000 ტესტი გადასცა. ცერემონიას აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პირადად დაესწრო. ამერიკული მხარის განცხადებით, დამატებითი აპარატები გაზრდის ტესტების გამტარუნარიანობას, რათა შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ნიმუშის ერთდროულად გატესტვა.

„საქართველოსთან ძალიან დიდი პარტნიორობა გვაკავშირებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. ასეთ პერიოდში კი ნათლად ჩანს, რომ ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს და შთამბეჭდავად ართმევს თავს პანდემიას. აღნიშნული დონაცია საქართველოს დაეხმარება ტესტირების გამტარუნარიანობის გაზრდაში. ტესტებისთვის განკუთვნილი აპარატები მოდერნიზებულია. თან მოჰყვება 4 000 ოქროს სტანდარტის „პისიარ“ ტესტი. ვირუსთან ბრძოლის კუთხით ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა გვაქვს გავლილი, ძალიან ბევრი დეტალი გამოჩნდება და გამოიკვეთება ეკონომიკის ხელახლა გახსნის გზაზე. ეს ტესტირების აპარატები, ასევე ის პირადი დაცვის საშულებები, რაც "დიტრა"-მ გადასცა ჯანდაცვისა და სხვა სამინისტროებს, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესის სამართავად და განკუთვნილია ხალხის დაცვისათვის. ნიღბები, ხელთათმანები, ხალათები და ა.შ. მოგვცემს იმის საშულებას, რომ განვაგრძოთ ცხოვრება და ურთიერთობა, თუმცა ამავე დროს დავიცვათ თავი და საყვარელი ადამიანები და დროულად დავუბრუნდეთ საქმიანობას. ვფიქრობ, რომ საქართველომ ვირუსთან ბრძოლის პირველ ნაწილს ძალიან კარგად გაართვა თავი. ახლა საკმაოდ დელიკატურ პერიოდს ვუახლოვდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს და აღნიშნულ ეტაპსაც წარმატებით გადალახავს“ - აღნიშნა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით დღევანდელი დღე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობას.

„პირველივე დღიდან, მას შემდეგ რაც დაფიქსირდა კორონავირუსის პანდემიის რისკები, საქართველო და აშშ თანმიმდევრულად თანამშრომლობენ ვირუსის გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მე მადლობა მინდა გადავუხადო "დიტრა"-საც, რომელიც მონაწილეობდა დღევანდელ ღონისძიებაში და ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ექსპო-ჯორჯიას, რომელმაც ორი თვის განმავლობაში უფასოდ დაგვითმო სასაწყობე ფართი, სადაც განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს პირადი დაცვის საშუალებები. აღნიშნულ ნივთებს ჩვენ ეტაპობრივად გავცემთ ჩვენს ექიმებზე, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან კოვიდ ინფექციის დამარცხებისთვის“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

აპარატებისა და ტესტების ღირებულება აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) დაფარა. სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს პირადი დაცვის საშუალებებიც გადასცა.

„დიტრა როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე სხვა უწყებებს გადასცემს პირადი დაცვის საშუალებებს, ესაა ქირურგიული და რესპირატორული ნიღბები, დამცავი სათვალეები, ხალათები და სხვა. აღნიშნული ნივთებით მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციების მომარაგება, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან. ჩვენ განვაგრძობთ დონაციას და პირადი დაცვის საშუალებებს გადავცემთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებს, სასაზღვრო პოლიციას, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და სხვა უწყებებს“, - აღნიშნა "დიტრა"-ს პროგრამების ასისტენტმა, არლინ აურიჰანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system