თავში

აშშ-ის საელჩოს განცხადება აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

აშშ-ის საელჩოს განცხადება აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით
აშშ-ის საელჩოს განცხადება აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

საქართველოში აშშ-ის საელჩო აფხაზეთის რეგიონში 22 მარტს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყნის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, კანადა, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებენ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების” ლეგიტიმურობას.

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, გაიყვანოს საკუთარი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟენევის საერთაშორისო ფორმატის მოლაპარაკებებს”, – ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა, რომელშიც ასლან ბჟანია ლიდერობს. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების თანახმად, ე.წ. ოპოზიციის ლიდერ ასლან ბჟანიას ხმათა 56,5 პროცენტი აქვს მიღებული. ე.წ. ეკონომიკის მინისტრს, ადგურ არძინბას კი - 35,42 პროცენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system