თავში

ბაქრაძე: მედვედევისგან ასეთი განცხადება არ მიკვირს

ბაქრაძე: მედვედევისგან ასეთი განცხადება არ მიკვირს

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება არ უკვირს, ის ცდილობს რომ საქართველოს დააბრალოს ომის დაწყება.

„ასეთი განცხადება მედვედევისგან სრულიად ბუნებრივია, ის არის ადამიანი, რომელმაც უშუალოდ გასცა ბრძანება საქართველოს წაინააღმდეგ აგრესიის შესახებ. ის არის ადამიანი, ვის ხელებზეც არის ომის დროს დაღვრილი სისხლი და ათიათასობით დევნილი საქართველოში. ის არის ადამიანი, რომელიც იმალებოდა პუტინის ზურგს უკან და რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ გადაწყვეტილების მიმღები იყო რეალურად პუტინი, მაგრამ მედვედევი არის პრეზიდენტი, რომელმაც გასცა ბრძანება ძალის გამოყენების შესახებ. ამიტომ მისი მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები არის სრულიად ბუნებრივი, ეს ემსახურება თავის მართლებას საკუთარი თავის გადარჩენას და რუსეთის იმ იმპერიული პოლიტიკის გამართლებას, რომელმაც მოიტანა უამრავი უბედურება საქართველოშიც და ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაშიც," - განაცხადა ბაქრაძემ.

როგორც დავით ბაქრაძე აღნიშნავს, მართალია მას მედვედევის განცხადება არ უკვირს, მაგრამ ქვეყნისთვის საზიანოა, როდესაც საქართველოს შიგნით, ბრალის გადმოტანა მაშინდელ ხელისუფლებაზე ხდება.

"ძალიან საზიანოა ქვეყნისთვის, როდესაც საქართველოს შიგნით, ბრალის გადმოტანა მაშინდელ ხელისუფლებაზე ხდება. აგრესიაზე პასუხისმგებელი მთლიანად არის რუსეთი, პასუხისმგებლობის ტვირთი და სიმძიმე მთლიანად რუსეთის მხარესაა და ამიტომ, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამ ტვირთს მოაცილებს რუსეთს და გადმოიტანს ქართულ მხარეს, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ამიტომ, ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, მზად არის, ოპონენტების დასაზიანებლად წავიდეს იმაზეც, რომ ტვირთი და პასუხისმგებლობა მოუხსნას რუსეთს, გაუმარტივოს თავის მართლება საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და ბრალის ნაწილი გადმოიტანოს ქართულ მხარეს. ქართული მხარის ბრალი არაფერშია. ჩვენ ვართ ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს ტერიტორიაზე, პასუხისმგებელი აგრესიაზე მთლიანად არის რუსეთი“,- განაცხადა მან.

ცნობისთვის, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის 12 წლისთავს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ აგრესიისგან დაიცვა.

„დღეს 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის კრიმინალურ ქცევას უპასუხა. უპასუხა ნაძირლების მოქმედებებს, რომლებმაც სამშვიდობოების, დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცეს,“- წერს მედვედევი სოციალურ ქსელში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system