თავში

ბაქრაძე: მისი პირველი განცხადება იყო გაუგებარი

ბაქრაძე: მისი პირველი განცხადება იყო გაუგებარი
ბაქრაძე: მისი პირველი განცხადება იყო გაუგებარი

ის პოზიცია განმარტების გარეშე იქნებოდა დამაზიანებელი ოპოზიციური ერთობისა და ბრძოლისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

გრიგოლ ვაშაძის პირველ განცხადებას მან გაუგებარი უწოდა. 

ამასთან, ბაქრაძის თქმით, „ევროპული საქართველოს,“ „გირჩის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელის“ დღევანდელი ერთობლივი განცხადება არანაირად არ უკავშირდება რომელიმე ცალკეული პოლიტიკოსის განცხადებას.

„პირველი განცხადება მისი იყო რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და ის პოზიცია განმარტების გარეშე იქნებოდა დამაზიანებელი ოპოზიციური ერთობისა და ბრძოლისთვის, მაგრამ იმ განმარტებებით, რაც შემდეგ გაკეთდა მიმაჩნია, რომ ეს თემა ამოწურულია.

ჩვენი განცხადება, ჩვენი დღევანდელი პოზიციონირება არანაირად არ უკავშირდება რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკოსის განცხადებას. ის, რაზეც ჩვენ დღეს შევთანხმდით და ვსაუბრობთ, არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის. ის, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება, რომ ძალადობის სპირალში ჩაითრიოს ქვეყანა, არის განუზომლად მნიშვნელოვანი, ვიდრე ცალკე აღებული რომელიმე განცხადება. ის, რომ ოპოზიცია არის ერთიანი პარლამენტში არშესვლის ბოიკოტში და მზად ვართ დიალოგზე ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე რომელიმე განცხადება. ამიტომ, ნუ ვეცდებით ხელოვნურად ვიპოვოთ კავშირები და ბმა, დღეს ჩვენ გაგაცანით 4 პოლიტიკური პარტიის ხედვა, როგორ უნდა წავიდეს პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში, იმედი მაქვს ამ ხედვას გაიზიარებენ სხვა პარტიებიც და ეს განცხადება გახდება საფუძველი საერთო ოპოზიციური მოქმედებისთვის,“- განაცხადა ბაქარაძემ.

ცნობისათვის, პოლიტიკური პარტიები „გირჩი“, „ევროპული საქართველო,“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ „გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას“.

დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და განაცხადა, რომ პროცესი სასწრაფოდ უნდა გადაიტანონ მოლაპარაკების მაგიდასთან და ქუჩა, საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლდეს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი განაცხადეს, რომ მიმართვის შესახებ მედიიდან შეიტყვეს და გრიგოლ ვაშაძეს განცხადება პარტიასთან არ შეუთანხმებია.

ამის შემდეგ ვაშაძემ საკუთარი განცხადების შესახებ დამატებითი განმარტება გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system