თავში

"ბირჟა მაფიას" საქმე და ახალი კანონპროექტი - რას ითვალისწინებს "გირჩის" ინიციატივა

"ბირჟა მაფიას" საქმე და ახალი კანონპროექტი - რას ითვალისწინებს "გირჩის" ინიციატივა
ბირჟა მაფიას საქმე და ახალი კანონპროექტი - რას ითვალისწინებს გირჩის ინიციატივა

"გირჩს"პარლამენტში კანონპროექტი შეაქვს. ინიციატივის მიხედვით, "ბირჟა მაფიას" საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა იდენტურ შემთხვევებზეც გავრცელდება. იაგო ხვიჩიას თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია ე. წ. ”ბირჟა მაფიას” საქმე, სადაც დადასტურდა სამართალდამცველთა მიერ, მოქალაქეებისთვის ნარკოტიკული საშუალებების ჩადების ფაქტი.

შესაბამისად, გირჩი მოითხოვს, ციხიდან გათავისუფლდნენ ადამიანები, რომელთა გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო ისეთი ჩხრეკის შედეგები, რითაც ამოღებული ნივთის ბრალდებულისადმი კუთვნილება დასტურდება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებით.

ხვიჩიას თქმით, მას შემდეგ, რაც „ბირჟა მაფიას" საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა, სასამართლომ დაადგინა მტკიცებულების ის სტანდარტი, რაც საფუძვლად უნდა დაედოს სარჩელის შეფარდებას. როგორც ის განმარტავს, საკონსტიტუციო გადაწყვეტილებით ჩხრეკისა და ამოღებისას საჭიროა პოლიციის თანამშრომელს სამხრე კამერა ჰქონდეს ჩართული ან არსებობდეს ნეიტრალური მოწმე, რომელიც დაადასტურებს ნარკოტიკული ნივთიერებების ამოღების ფაქტს.

მისივე განცხადებით, "ბირჟა მაფიას" საქმეზე ჩადების ფაქტი დადასტურდა და ბევრი სხვა ადამიანია, ვინც ისეთი მტკიცებულებების საფუძველზე ზის ციხეში, სადაც არც ვიდეო ჩანაწერი და არც ნეიტრალური მოწმე არ ადასტურებს ფაქტს.

„საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ შეიძლება მტკიცებულებად ჩაითვალოს ისეთი ამოღება, ისეთი ჩხრეკა, სადაც ინფორმაცია მოწოდებულია კონფიდენტის საუბრის საფუძველზე და ამ ამოღებას და ჩხრეკას ესწრება მხოლოდ პოლიციის თანამშრომელი და პოლიციამ არ მიიღო სხვა არცერთი ზომა იმისთვის, რომ მტკიცებულება ყოფილიყო სხვანაირად გამყარებული“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გირჩის წევრის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება 2020 წლის 25 დეკემბერს შევიდა ძალაში და წესით, ის ადამიანებიც უნდა გათავისუფლებულიყვნენ ციხიდან, ვისაც იდენტური მტკიცებულებების საფუძველზე წაუყენეს ბრალი. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ იმგვარი განმარტება გააკეთა, რომ ეს გადაწყვეტილება გავრცელებულიყო მხოლოდ მისი ძალაში შესვლის შემდგომ წარმოქმნილ საქმეებზე.

„გადაწყვეტილება მიღებულია 2020 წლის 25 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2021 წლის 22 ივნისს. ამის შემდეგ ის ხალხი ვინც იდენტური მტკიცებულებებით სხედან ციხეში უნდა გათავისუფლებულიყვნენ, მაგრამ ეს რომ არ მომხდარიყო, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ, განსაკუთრებით საერთო სასამართლოებმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება განმარტეს ისე, რომ ციხეში რომ მჯდარიყო საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები ისინი დღესაც ციხეში ისხდებოდნენ და ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მათ მოიგეს, ციხიდან ვერ გამოვიდოდნენ. 

კანონპროექტის მიღების შემდეგ, ციხიდან უნდა გამოვიდნენ ის ადამიანები, ვინც ციხეში სხედან კონფიდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ჩხრეკასა და ამოღებაში მონაწილეობდნენ მხოლოდ პოლიციელები და არ არსებობს არც ვიდეოკამერა და არც სხვა ტიპის ჩანაწერი. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ასეთი შემთხვევები ბევრია და სისტემას არ უნდა ამ გადაწყვეტილების ამოქმედება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system