თავში

ჭიაბერაშვილი: ივანიშვილს საქართველო თავისი დენდროლოგიური პარკი ჰგონია

ჭიაბერაშვილი: ივანიშვილს საქართველო თავისი დენდროლოგიური პარკი ჰგონია
ჭიაბერაშვილი: ივანიშვილს საქართველო თავისი დენდროლოგიური პარკი ჰგონია

"ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი, სადაც თავისი ზოოპარკი უნდა ჰყავდეს და სხვამ არ უნდა გაბედოს ბიზნესის კეთება, კეთილდღეობის ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა,", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საქართველოში ეკონომიკამ დაკარგა მიმზიდველობა.

„საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა უმუშევრობის, ფასების ზრდის, სიღარიბის თვალსაზრისით იყო კოვიდ კრიზისამდეც. 2019 წელს რეკორდულად იყო შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ეს ცხადად აჩვენებს,რომ საქართველოში ეკონომიკამ დაკარგა მიმზიდველობა. რამ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები? რამ უნდა დაასტაბილუროს ლარი? რამ უნდა შეაჩეროს ფასების ზრდა, თუ ქვეყანაში არ შემოვა ინვესტიცია? ინტერესი ბიძინა ივანიშვილის არის ის, რომ არ შემოვიდეს ინვესტიცია. ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი, სადაც თავისი ზოოპარკი უნდა ჰყავდეს და სხვამ არ უნდა გაბედოს ბიზნესის კეთება, კეთილდღეობის ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ ვრჩებით ჭაობი, სადაც ადამიანებისთვის პერსპექტივა არ არის“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე შეფასებით, ეკონომიკის მინისტრის სიტყვით გამოსვლა „უტიფრობა“ იყო.

„ქალბატონი ნათია, თქვენ მინისტრის მოადგილე იყავით შევარდნაძის მთავრობაში, მაღალი თანამდებობები გეკავათ 2003 წლიდან 2012 წლამდე, დღეს მინისტრი ბრძანდებით „ქართული ოცნების“ მთავრობაში. ახლა რასაც თქვენ ლაპარაკობდით ტრიბუნიდან 2008 წელთან დაკავშირებით, ამას ვოლსკი რომ ლაპარაკობს, ეს გასაგებია, ის ამას ლაპარაკობს მუდმივად, 10-12 წელიწადია, მაგრამ თქვენ, რომელიც მთავრობაში იყავით, ხედავდით როგორ დადიოდა კაბინეტიდან კაბინეტში გიორგი კანდელაკი, ქუთაისის აეროპორტი რომ გახსნილიყო და „ვიზეარი“ და „რაინეარი“ შემოსულიყო და მიუხედავად ამისა, ამას ტრიბუნიდან ლაპარაკობთ, უბრალოდ სირცხვილია. ოდესმე ხომ უნდა შევხვდეთ ან დერეფანში, ან ქუჩაში და თვალებში ერთმანეთს ხომ უნდა შევხედოთ? ასეთი უტიფრობა, რაც მე ახლა თქვენგან მოვისმინე, პირადად მე, ადამიანი, რომელიც დიდი ხანია გიცნობთ, გაოგნებული ვარ. ეს წარმოუდგენელია, რაც თქვენ აქედან ილაპარაკეთ“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. სხდომაზე მთლიანობაში რეგისტრაცია 93- მა დეპუტატმა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომას ამდენივე დეპუტატი ესწრება. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა პასუხისა და დაზუსტების შემდეგ დებატებიც გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system