თავში

"ჩვენ უნდა ვიპოვოთ საერთო ეროვნული შეთანხმების საფუძვლები" - ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილს ხვდება

"ჩვენ უნდა ვიპოვოთ საერთო ეროვნული შეთანხმების საფუძვლები" - ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილს ხვდება
ჩვენ უნდა ვიპოვოთ საერთო ეროვნული შეთანხმების საფუძვლები - ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილს ხვდება

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მივიდა.

ელენე ხოშტარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის წინ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მისი მთავარი ამოცანაა საქართველოში აღარ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები. მისი თქმით, დროა ქვეყანაში შურისძიების ციკლი დასრულდეს. 

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პირადად მონახულება. მინდა გავიგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შემიძლია ვისაუბრო იმ პოლიტიკურ ამოცანებზე რაც ოპოზიციის - კოალიციის წინაშე დგას. ამ ქვეყანაში უფლებებიც იქნება გათელილი, არჩევნებიც არ იარსებებს, ადამიანების გაჭირვების მიმართ ყველა იქნება გულგრილი, ვიდრე ეს პოლიტიკური სისტემა არ შეიცვლება და ლეგიტიმური, სამართლიანად არჩეული ხელისუფლება არ გვეყოლება. ამიტომ ამ ეტაპზე ვადამდელი არჩევნების ამოცანა არის ძალიან მწვავე, აქტუალური და მნიშვნელოვანი, რისთვისაც ჩვენ რა თქმა უნდა, ვაპირებთ ბრძოლას. ასევე არის შუალედური უმნიშვნელოვანესი ამოცანები, რასაც ჩემი კოალიციური პარტნიორები საუბრობენ, ეს არის ბარიერის, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი, სადაც ასევე თავხედურად იქცევა სამწუხაროდ ხელისუფლება და ასევე მიხეილ სააკაშვილის უფლებების საკითხი, რასაც ჩვენ ვხედავთ მის მიმართ, ეს არის შეურაცხყოფა იმ ადამიანების უფლებისა, ვისი უფლებებიც შეილახა და ვისაც ლეგიტიმური კითხვები გააჩნია მიხეილ სააკაშვილთან და წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში, ეს არის უსამართლობის და შურისძიების პროცესი, რომლიდანაც მოგებული არავინ და ვერავინ იქნება. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანაა საქართველოში არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, დავასრულოთ შურისძიება. მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის ამოცანა არის არა უბრალოდ საკუთარი თავის გამოხსნა, არამედ ამ ქვეყანაში შურისძიების ციკლის სამუდამოდ დასრულება. იმისთვის რომ ქვეყანამ წინ ვიაროთ, უნდა გამოვიდეს სააკაშვილი და წერტილი დაესვას შურისძიებას",- თქვა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის წერილსაც გამოეხმაურა ეროვნულ შერიგებაზე და თქვა, რომ ეროვნული თანხმობა არის დიდი ამოცანა, რომელსაც ის რიგგარეშე არჩევნების გარეშე და პოლიტიკური პატიმრების პირობებში ვერ ხედავს. 

"ჩვენ უნდა ვიპოვოთ საერთო ეროვნული შეთანხმების საფუძვლები. შეთანხმების, რომელიც იდგება სამართლიანობაზე და არა შურისძიებაზე, სამართალზე და არა ძალადობაზე. უნდა შევთანხმდეთ, რომ ადამიანი არის ფასეულობა, მიუხედავად იმისა, მოგწონს შენ მისი პოზიციები თუ არა. უნდა ვთქვათ, რომ ჩენ ერთმანეთის მოსისხლე მტრები არ ვართ. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ჩვენ ერთმანეთის მოსისხლე მტრებად ვიქცეთ... დიახ, ეროვნული თანხმობა არის მთავარი ამოცანა, რომელსაც მე რიგგარეშე არჩევნების გარეშე, პოლიტიკური პატიმრების და შურისძიების პირობებში ვერ ვხედავ" - განაცხადა ელენე ხოშტარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system