თავში

ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრების მოწოდებები მნიშვნელოვანია, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - კალაძე

ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრების მოწოდებები მნიშვნელოვანია, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - კალაძე
ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრების მოწოდებები მნიშვნელოვანია, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - კალაძე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწოდებები, რასაც ბოლო დღეებში ვისმენთ, რადგან ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, შექმნილი ვითარება აზიანებს ქვეყნის განვითარებასა და მომავალს. მისი შეფასებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამასთან, კახა კალაძე ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები არიან, სურთ, ქვეყანაში პოზიტიური ნაბიჯების დანახვა. 

„ეს ყველაფერი აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, აზიანებს ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის მომავალს. შესაბამისად, საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, კომპრომისები თუნდაც, ოღონდ კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება, აუცილებელია. ზოგადად, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში. საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები, შესაბამისად მათ სურთ, რომ ის პროცესები, რაც მიდიოდა ბოლო წლების განმავლობაში, რა პოზიტიური ნაბიჯებიც იქნა გადადგმული, შენარჩუნდეს და გაგრძელდეს, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩვენ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისი ყველა ქვეყანაში შეიძლება წარმოიქმნას, თუმცა ახლა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაა საჭირო.

„თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დავჯექით მმართველი გუნდი, ოპოზიციის წარმომადგენლები, შეუძლებელია ასე დისტანციურად და ტელევიზიებით ვესაუბროთ ერთმანეთს. ყველა ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყანაში ხდება პოლიტიკური კრიზისები, ამას შემდეგ სჭირდება მაგიდასთან დაჯდომა, საუბარი. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთი გვიყვარდეს ან განსაკუთრებული სიყვარული გვქონდეს ერთმანეთის მიმართ, მაგრამ არსებობს რაღაც პრინციპები სახელმწიფოებრიობის, სახელმწიფოებრივი პრინციპები, რომელსაც სჭირდება პატივისცემა, ასევე კანონს სჭირდება პატივისცემა და ამ ყველაფრის ნათელი მაგალითები უნდა ვიყოთ ჩვენ, პოლიტიკოსები, რომ ყველამ გაითავისოს, კანონი არის უზენაესი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system