თავში

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების განაჩენი ცნობილია - VIDEO

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების განაჩენი ცნობილია
დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების განაჩენი ცნობილია - VIDEO

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. შედეგად, გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან პატიმრობიდან, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. 

ცნობისთვის, მისჯილი წლებიდან გიორგი ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, ის პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში სცნო დამნაშავედ. ბარბაქაძეს სასჯელიც უცვლელი დარჩა, მას 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული. 

ბარბაქაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით, უდანაშაულოდ ცნობას ითხოვდა. 

პროკურორის თქმით სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება და პატივს სცემს, თუმცა ბარბაქაძესთან მიმართებით სარალიძის მკვლელობაში ბრალეულობა აშკარად იკვეთებოდა, რის მიუხედავად უზენაესმა სასამართლომ დატოვა ძალაში წინა ინსტანციის გადაწყვეტილება.  

„მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე პატივს სცემს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაკვირველია, ვერ დავეთანხმებით ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ბრალდების მხარე, როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლოებში, ასევე უზენაეს სასამართლოში ადასტურებდა, რომ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, როგორც ერთ, ისე მეორე ეპიზოდზე გუგა ბარბაქაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბრალდების მხარემ დეტალურად, არგუმენტირებულად წარმოადგინა ეს მტკიცებულებები სასამართლო პროცესზე, რომელიც ერთი მხრივ, ორი ინსტანციის სასამართლში გათვალისწინებული და გაზიარებულია, თუმცა, სამწუხაროდ, გაზიარებული არ იქნა დავით სარალიძის ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, ეს გადაწყვეტილება მართებულად და მტკიცებულებებზე ორიენტირებულად არ მიგვაჩნია“ - განაცხადა პროკურორმა. 

შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოხდა. ახალგაზრდებს შორის მოხდარი დაპირისპირების შედეგად ორი არასრწულოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას ედავებიან.

საქმეზე მსჯავრდებულია ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. საქმემ უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.  


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system