თავში

დავით უსუფაშვილი: არის იმედი, რომ ორ დღეში შეთანხმებას მივაღწევთ

დავით უსუფაშვილი: არის იმედი, რომ ორ დღეში შეთანხმებას მივაღწევთ
დავით უსუფაშვილი: არის იმედი, რომ ორ დღეში შეთანხმებას მივაღწევთ

არის იმედი იმისა, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმება იყოს მიღწეული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის ელჩის რეზიდენციაში თითქმის 5 საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

„ამისთვის მეც და ძალიან ბევრი ადამიანი ვინც აქ შევიკრიბეთ ვაკეთებთ ყველაფერს. თუმცა არის ობიექტური წინააღმდეგობები. იმიტომ, რომ ბოლო ათ დღემდე ხელისუფლების მხრიდან კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ვერ ვხედავდით. ახლა გაჩნდა ამის შესაძლებლობა და ვაგრძელებთ თავდაუზოგავად შრომას. იმისთვის რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს არჩევნები და თავიდან ავიცილოთ პოლარიზაცია. ადამიანები კიდევ უფრო არ დავშორდეთ და ჩვენს სამშობლოს ბრძოლის ველად და ასპარეზად არ ვუყურებდეთ. ამის შანსი არსებობს. რთული იქნება მაგრამ შესაძლებელი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კოლეგებით, როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების მხრიდან, რომ ამ სირთულეებს ვუმკლავდებით“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, თუ მომდევნო კვირის დასაწყისში ტექსტი პარლამენტში არ შევიდა, მაისის ბოლო რიცხვებამდე ის კონსტიტუციაში ვერ აისახება. 

"და თუ კონსტიტუციაში მაისის ბოლომდე ვერ აისახა, ე.წ. არჩევნები აგერ ოქტომბერშია და ივნის-ივლისში კოდექსში უნდა ვწეროთ რაღაცები. ამიტომ არის ეს ბუნებრივი ცაიტნოტი და არა სამართლებრივი ცაიტნოტი. მე იმედიანად ვარ განწყობილი. კონკრეტულ ციფრებზე საუბარს ვინ რა თქვა, ახლა აზრი არ აქვს. ნელი ნაბიჯით, მაგრამ წინსვლა არის“, - აღნიშნა უსუფაშვილმა. 

შეგახსენებთ, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის რეზიდენციაში ოპოზიციის, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. გერმანიის ელჩის მიწვევით ვახშამზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, ოპოზიციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა. შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ცდილობენ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში დახმარება გაუწიონ.

საარჩევნო საკითხებზე ერთი მსგავსი არაფორმალური შეხვედრა გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მორიგი რაუნდი მალე შედგება.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ შეწყდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system