თავში

დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა

დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია, რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საჭიროებს მჭიდრო კოორდინაციას და ორივე მხრიდან პოზიციების შეჯერებას. მისივე თქმით, ეს ვიზიტი წარმოადგენს კარგ საშუალებას, რათა მხარეებმა იმსჯელონ ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რაც აქტუალურია არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ რეგიონულ კონტექსტშიც.

„მოგეხსენებათ, რომ თურქეთი არის საქართველოს ძალიან მკაფიო მხარდამჭერი – ჩვენი ატლანტიკური ინტეგრაციის, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. გარდა ამისა, ის არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩართულია გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებში და ასევე, გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ შავი ზღვის რეგიონს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, შეხვედრებისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება რეგიონული უსაფრთხოების საკითხი.

„თანამშრომლობა, როგორც შავი ზღვის რეგიონში, ასევე რეგიონს მიღმა და ჩვენი, როგორც დამაკავშირებელი ქვეყნის ფუნქციის ხაზგასმა იქნება განსახილველ საკითხებს შორის“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე განმარტებით, ასევე განხილულ იქნება გლობალური პანდემიის თემა და ის მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ამ პერიოდში თურქეთმა საქართველოს გაუწია. მინისტრის თქმით, საუბარი შეეხება საერთო გამოწვევებს, როგორც პანდემიის დამარცხების კუთხით, ისე ეკონომიკური რეაბილიტაციის თვალსაზრისით და ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

ვიზიტი შეაფასა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა. გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერის რანგში ოფიციალურად პირველად სტუმრობს ანაკარას და ამ უმნიშვნელოვანესი ვიზიტის ფარგლებში, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე რეგიონში მიმდინარე პროცესების კუთხით ძალიან საყურადღებო საკითხები განიხილება.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე დაპაუზებული ურთიერთობები განახლდება და მიეცემა ახალი იმპულსი სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის თუ სხვა სფეროებში.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ დავით ზალკალიანი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, ასევე, შეხვდება თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს. ვიზიტის დასასრულს კი, დავით ზალკალიანი მოინახულებს საქართველოს საელჩოს ანკარაში, სადაც სიმბოლურად აღინიშნება დიპლომატიური მისიის გახსნის 100 წლის იუბილე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system