თავში

დავით ზალკალიანი: ვაჟა გაფრინდაშვილი არის უკანონო მძევალი

დავით ზალკალიანი: ვაჟა გაფრინდაშვილი არის უკანონო მძევალი
დავით ზალკალიანი: ვაჟა გაფრინდაშვილი არის უკანონო მძევალი

ექიმი, რომელიც პაციენტის დასახმარებლად მოხვდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის უკანონო მძევალი, ის უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს.

„მქონდა საუბარი ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომლებიც დეტალურად ჩავაყენე საქმის კურსში, თუ რა მდგომარეობაა. ეუთო-ს თავმჯდომარეს ვთხოვე, აქტიური ნაბიჯები გადაიდგას, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან და ისიც ინფორმირებულია აღნიშნულის შესახებ. აუცილებელია, ევროკავშირმაც მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს. ასევე მქონდა კომუნიკაცია, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან და გაერო-ც ჩართულია ყველა სტრუქტურით ამ პროცესში. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზეც მნიშვნელოვანი ადგილი დავუთმეთ ქართველი ექიმის უკანონო დაკავებას. გვერდით რომ გადავდოთ საერთოდ პოლიტიკური კონტექსტი, ეს არის ჰუმანიტარული საკითხი – ექიმი, რომელიც პაციენტის დასახმარებლად მოხვდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის უკანონო მძევალი. ის უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული და ყველა რესურსი არის ამოქმედებული. ჩვენ გვაქვს შესაბამისი გეგმა ყველა შესაძლო განვითარების სცენარისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ დეფაქტო „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს. აღნიშნულ იფნორმაციას კატეგორიულად უარყოფენ გაფრინდაშვილის კოლეგები და ოჯახის წევრები. მათი თქმით, გაფრინდაშვილი იმ დროს ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა და მკურნალობდა ომში დაშავებულ ყველა ადამიანს, განურჩევლად ეროვნებისა, მათ შორის დაშავებულ რუს პილოტებს.

ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება. საქმე ახალგორის ე.წ.-მა სასამართლომ განიხილა. გაფრინდაშვილთან ერთად დაკავებულ სამ მოქალაქეს სასჯელის სახით გაძევება და ფულადი ჯარიმა შეეფარდა, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ იზოლატორში გადაიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ის ციხეშია გადაყვანილი. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება გრძელდება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში იქაური პაციენტების დასახმარებლად მიდიოდა, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მას რამდენიმე არხით აქვს მიღებული ინფორმაცია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა დედაქალაქსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა"თეთრი ხალათების" აქცია თავიანთი კლინიკების ტერიტორიაზე გამართეს.

დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system