თავში

დავით ზალკალიანმა შარლ მიშელის ვიზიტი შეაფასა

დავით ზალკალიანმა შარლ მიშელის ვიზიტი შეაფასა

დღეს, 2 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააცილა. ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, ბელგიასა და ლუქსემბურგის სამეფოში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰერცელი.

გაცილების ოფიციალური ცერემონიის დასრულებისას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იყო უაღრესად დროული და შინაარსიანი. მისი თქმით, თავად ის ფაქტი, რომ შარლ მიშელი უშუალოდ იყო ჩართული შიდა პოლიტიკური მოვლენების მოწესრიგების პროცესში, მიანიშნებს იმას თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი სტაბილურობას და სტაბილურ განვითარებას ქვეყანაში. 

„აუცილებელია ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ კრიზისული სიტუაციიდან, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს იმ უაღრესად სერიოზულ გამოწვევებს რომლებიც არის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით, ასევე პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში“ - თქვა მინისტრმა.

მინისტრის თქმით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განხილულ იქნას რეგიონში არსებული სიტუაცია. 

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე იმყოფებოდა ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე რეგიონებში და საკუთარი თვალით ნახა იქ არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში დიალოგი კვლავ გაგრძელდება და უკვე ორ კვირაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროპის საბჭოს ასოცირების საბჭოში, კიდევ ერთხელ იქნება მსჯელობა იმაზე, თუ როგორ ვითარდება პროცესები, როგორ უმკლავდება ქვეყანა გამოწვევებს“.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და ძლიერი მხარდამჭერი ყველა პროცესში და რომ ის არის უაღრესად დაინტერესებული იმით, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ რომელიც არის ამ პროცესში ჩართული მოძებნოს საშუალება პოლიტიკური დიალოგის და დეესკალაციის საშუალებით გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. 

„რა თქმა უნდა იმედი მინდა გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ის ოპონენტი და პოლიტიკური ძალა, რომელიც არის ამ პროცესში ჩართული კონსტრუქციულად გააგრძელებს დიალოგს და მოიძებნება საშუალება ამ სიტუაციიდან გამოსავლის“ - დასასრულს აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან. შარლ მიშელი, ასევე შეხვდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system