თავში

"დღეს მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზა" - გამომძიებელი

"დღეს მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზა" - გამომძიებელი
დღეს მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზა - გამომძიებელი

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, დღეს მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა განაცხადა.

გიორგი მიქელაძის თქმით, პროცესში მონაწილეობას მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმიც მიიღებს.

"შეთანხმებულები ვართ პენიტენციურ სისტემასა და ასევე ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. შეთავაზებულია ისეთი ფორმა, რაზეც ისინი თანხმობას აცხადებენ. დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც დღეს უნდა ჩატარდეს, მასში მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილის მიერ მოწვეული სპეციალისტი, საუბარია სამედიცინო სახის ექსპერტიზაზე, რომლის საშუალებითაც განხორციელდება მისი სხეულის გარეგანი დათვალიერება და ამის შემდეგ, ექსპერტი შესაბამის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გასცემს," - აცხადებს გიორგი მიქელაძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ომბუდსმენის წარმომადგენელის, მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება გლდანის ციხეში სასწრაფოს ავტომანქანით მოხდა და ის მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილმა №18 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამასთან, პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაყვანის კადრები გაასაჯაროვა.

უწყების ცნობით, სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.

გვიან ღამით, სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის წერილი გაასაჯაროვა, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ გაურკვეველი ინექციის გაკეთება სცადეს.

სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის სათანადო პირობები არ არსებობს. ბექა ბასილაია ამბობს, რომ არსებობს სააკაშვილზე თავდასხმის საშიშროებაც.

დღეს, 9 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი 41 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system