თავში

ეკატერინე ტიკარაძე სომეხ კოლეგას აკრიტიკებს

ეკატერინე ტიკარაძე სომეხ კოლეგას აკრიტიკებს
ეკატერინე ტიკარაძე სომეხ კოლეგას აკრიტიკებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადება უსაფუძვლოა და გარკვეულ კითხვებს აჩენს. 

„ჩვენ არაერთხელ გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია იმ პერიოდში, როდესაც დაიწყო ეპიდემია, გავდიოდით გარკვეულ კონსულტაციებს და ვადარებდით ჩვენი ქვეყნების მდგომარეობას. თუ მას კითხვები გააჩნდა, შეეძლო გამოეყენებინა კომუნიკაციის ეს ხერხი და ჩვენი მხრიდან მოხდებოდა ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის გაცემა. ის, რომ საქართველოს ჯანდაცვის მხრიდან დადებული შედეგები არ არის ეჭვქვეშ ამას ადასტურებს არა მხოლოდ ის რიცხვები, რომელიც დღესდღეობით არის საქართველოში, არამედ ყველა ის შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საზოგადოების მხრიდან. აქედან გამომდინარე, გარკვეული ეჭვები და კითხვები იბადება, თუ რა ედო საფუძვლად ჩემი კოლეგის მხრიდან ამ განცხადების გაკეთებას.

ჩვენ ვგეგმავთ შემდგომ კომუნიკაციას მასთან, რათა დეტალებში გავერკვეთ, თუ რა გახდა ამის მიზეზი. საზოგადოებისთვის კი ნამდვილად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, რომ აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა სწრაფი ტესტები დიდი რაოდენობით, საქართველოს მთავრობამ შეინარჩუნა ის ღერძი და მყარად დგას იმ გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოში ხდება ჩვენი მოქალაქეების ძირითადად PCR ტესტით ტესტირება, ყველა ჩვენი სტატისტიკა არის სარწმუნო, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ყველანაირი კითხვა იხსნება", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს, COVID-19-ზე საქართველოს სტატისტიკა აეჭვებს და ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და სტატისტიკაში ასახვა არ წარმოებს. მისი მტკიცებით, სომხეთში საქართველოდან შესულ სატვირთო მანქანების მძღოლებს ვირუსი დაუდასტურდათ. საზოგადოებრივი საბჭოს მიერ მოწყობილ ონლაინშეხვედრაზე არსენ ტოროსიანმა რამდენიმე შეკითხვა დასვა: მათ შორის, გამოყენებული იყო თუ არა საქართველოში ინფიცირების ყველა შემთხვევაში PCR ტესტები, თუ საუბარია სწრაფ ტესტებზე, რომელსაც, მისი თქმით, დაბალი სანდოობის გამო, სომხეთში ფაქტობრივად არ იყენებენ. მინისტრს აინტერესებს ასევე, უტარდებათ თუ არა კორონავირუსზე ტესტირება საქართველოში იმ პირებს, რომლებსაც ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვთ და შედიან თუ არა სტატისტიკურ მონაცემებში ისინი, რომლებიც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ, მაგრამ COVID-19 დადასტურებული არ ჰქონდათ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს , ასევე, უპასუხეს  ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system