
,,ამ თემაზე პოლიტიკური განცხადების გაკეთებას ვერავის დაუშლის, მაგრამ შინაარსს გააჩნია", - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის ირგვლივ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს.
,,იქით გადაწვნენ ბერა ივანიშვილს, აქეთ სახელმწიფომ მოკლა გირგვლიანი - ამ თემაზე პარალელის გავლება ხდება. ამას ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, ეს არის უზნეობა და უზნეობა, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ისეთი ჩვეულებრივი ამბავი გახდა, თითქოს აღარავის უკვირს და ეს სიტყვაც თითქოს თავის მნიშვნელობას კარგავს", - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.
გუშინ, 28 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ყველა ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა.