თავში

,,ერთად უფრო ძლიერები ვართ“- ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ

,,ერთად უფრო ძლიერები ვართ“- ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ
,,ერთად უფრო ძლიერები ვართ“- ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ

9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც 1950 წლის, შუმანის ისტორიული დეკლარაციის აღსანიშნავად დაწესდა. მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე გაკეთებულ ამ მიმართვაში ჩამოყალიბებული იყო ევროპის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის იდეა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროკავშირის შექმნას.

დღეს, 27 წევრი სახელმწიფოსგან და თითქმის 446 მილიონი ადამიანისგან შემდგარი ევროკავშირი, ამ დეკლარაციის სამოცდამეათე წლისთავს აღნიშნავს.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2020 წლის ევროპის დღის მთავარი მოწოდებაა -- „ერთად უფრო ძლიერები ვართ“, რაც ხაზს უსვამს COVID-19-ს პირობებში ერთიანობის აუცილებლობას.

9 მაისთან – ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განცხადება გააკეთა.

„დღევანდელ დღეს, ზუსტად 70 წლის წინ, წარმოდგენილ იქნა ევროპის მომავლის ახალი ხედვა, რომლის თანახმადაც ომებისა და კონფლიქტების ნაცვლად კონტინენტზე თანამშრომლობა და მშვიდობა უნდა დამყარებულიყო.

იმ დროს, შესაძლოა, ეს იდეა უტოპიურად ჟღერდა, თუმცა მოგვიანებით, ევროკავშირის შექმნითა და გაძლიერებით, ის რეალობად იქცა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ევროპის დღეს ერთად ვერ აღვნიშნავთ. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ, ამ გამოწვევასთან გამკლავება ბევრი მიმართულებით უკეთესად შეძლო - მტკიცე პოლიტიკური ნების, მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალისა და მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობის წყალობით. ამასთანავე, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე რთულ მდგომარეობაში იმყოფება, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ასევე ეკონომიკური მიზეზებით. თანაგრძნობა მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც დღეს განსაცდელშია.

სწორედ კრიზის დროს გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები ყველაზე მეტად. ნათქვამია „კარგი მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო“. ამიტომ, ჩემთვის საამაყოა, რომ ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და საფინანსო ინსტიტუტები - ანუ “ევროპის გუნდი” - გააქტიურდნენ ამ გამოწვევის დასაძლევად იმის მტკიცე დასტურად, რომ ჩვენი მეგობრობა მხოლოდ სიტყვები არ არის. ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ.

დაუღალავი მუშაობისა და მტკიცე პოლიტიკური ნების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ 1.5 მილიარდი ლარის მობილიზაცია, რათა დავეხმაროთ საქართველოს კრიზისის დაძლევაში. ეს უპრეცედენტო თანხა საქართველოს დაეხმარება ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისიდან გამოსვლაში და მომავალ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან ბრძოლისთვის უკეთ მომზადებაში.

საქართველომ, სადაც სტუმართმოყვარეობა და სოლიდარობა ეროვნული იდენტობის შემადგენელი ნაწილია, კარგად იცის მეგობრის ფასი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს იმ თანაგრძნობისთვის, რომელსაც ის გასული კვირების განმავლობაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მის მოსახლეობას უცხადებდა.

ეს იქნება რთული წელი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის, მაგრამ ერთად ჩვენ ძლიერები ვართ და ერთად ყველაფერს მოვერევით.

გაუფრთხილდით თქვენს მშვენიერ ქვეყანას და ერთმანეთს.

გილოცავთ ევროპის დღეს!“,- განაცხადა ელჩმა.

ნახეთ განცხადების ვიდეოჩანაწერი ბმულზე: https://we.tl/t-a2nTKMU36Y.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ისტორიულმა თანამშრომლობამ და სოლიდარობამ ევროპის კონტინენტზე არნახული სამოცწლიანი მშვიდობა და კეთილდღეობა მოიტანა (მეტი იხ. აქ https://www.facebook.com/watch/?v=1386234074905741). დღევანდელი კრიზის პირობებში სოლიდარობა არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ სოლიდარობის შედეგია ის, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა დროულად შეძლეს საავადმყოფო საწოლების მობილიზაცია და ერთმანეთისთვის გაზიარება, აგრეთვე ევროკავშირის მასშტაბით ფინანსური დახმარების ამოქმედება: https://we.tl/t-vD0gU1sdbA

სოლიდარობა ევროკავშირის საზღვრებს სცდება და მის მთავარ პარტნიორებზეც ვრცელდება. გასულ კვირებში, ევროკავშირმა საქართველოს, კრიზისის დასაძლევად, თითქმის 1.5 მილიარდი ლარზე მეტი გამოუყო. ეს თანხა მოხმარდება სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას, კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასა და ეკონომიკის აღდგენას. ამ თანხის თითქმის 2/3 უსასყიდლო დახმარების ფორმით არის წარმოდგენილი, ხოლო დარჩენილი ნაწილი - განსაკუთრებულად შეღავათიანი პირობებით გაცემული სესხია.

ეს თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილ დონორად რჩება, საქართველოს ბიზნესს მიეცა წვდომა ევროკავშირის ბაზარზე, სქართველოს 500,000-ზე მეტმა მოქალაქემ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურა. საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის უპრეცედენტოდ ბევრი პროგრამა. მათი საშუალებით საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა 7,000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, ევროკავშირის დახმარებით 40,000-ზე მეტმა საწარმომ ისარგებლა.

მეტი ინფორმაციისთვის ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე მიყევით ბმულს: https://bit.ly/2WdIfSf

„გასულ წლებში თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ევროპის დღეების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა 100,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ვიდეო ჩატარებული ღონისძიებების შესახებ https://we.tl/t-vKvcPqkdTR . ამ სულისკვეთების შესანარჩუნებლად, 9 მაისს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწყებს საინფორმაციო კამპანიას სოციალურ და სამაუწყებლო მედიაში. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეუერთდეს ამ კამპანიას შემდეგი გვერდის საშუალებით: https://www.facebook.com/EuropeanUnioninGeorgia.“- ნათქვამია ინფორამციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system