თავში

ეს არის მავნებლობა და დანაშაული ქვეყნის წინაშე - მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს

ეს არის მავნებლობა და დანაშაული ქვეყნის წინაშე - მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს
ეს არის მავნებლობა და დანაშაული ქვეყნის წინაშე - მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარებაზე სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და ამბობს, რომ ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებით სახელმწიფოს ინტერესები ზარალდება.

ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ეს საერთაშორისო სკანდალი უკვალოდ არ ჩაივლის“.

„მას შემდეგ რაც სუს-ის ფაილები გავრცელდა და ნათელი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ელჩებს და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს უსმენენ, რამდენიმე განცხადება გავაკეთე.

კარლ ჰარცელის დღევანდელი განცხადება და ელჩის დაბარება ბრიუსელში, ხაზგასმით ადასტურებს ამ პრობლემის სიმძიმეს. საქართველოს საგარეო იმიჯი, ისედაც შელახული, ბოლომდე ჩამოიშალა. ეს მოვლენები გვაკარგვინებს პარტნიორებს, ჩვენი ხელისუფლების, ეს უგუნური საქციელი, უდიდეს ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. დაუჯერებელი და მავნებლურია ეს საქციელი, ერთის მხრივ ვითომ მიისწრაფოდე ევროპული ოჯახისკენ, დეკლარირებული გქონდეს 2024-ში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, დასავლურ ღირებულებებზე აპელირებდე და მეორეს მხრივ ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით, საერთაშორისო კონვენციების უგულებელყოფით, უკანონოდ უსმენდე და უთვალთვალებდე შენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მეგობრებს და მათ წარმომადგენლობებს სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა და დანაშაული ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე.

ეს საერთაშორისო სკანდალი უკვალოდ არ ჩაივლის. პასუხისმგებლობა სრულად „ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამით ზარალდება ჩვენი ქვეყნის ინტერესები და რეპუტაცია“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ბრიუსელში, ევროკავშირის სათავო ოფისში უკვე შედგა.

ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადების თანახმად, საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპების. საგარეო უწყების ინფორმაციით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საუბარი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მათ გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system