თავში

ეს არის უსუსურობა და პირდაპირი წახალისება - გახარია

ეს არის უსუსურობა და პირდაპირი წახალისება - გახარია
ეს არის უსუსურობა და პირდაპირი წახალისება - გახარია

ის სისტემური ძალადობა მედიაზე, რომელიც იყო, კატეგორიულად მიუღებელია. გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს მედია დავიცვათ , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ 5-6 ივლისს, „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები 5-6 ივლისს უსუსური იყო. მისივე განმარტებით, თავისუფალი მედიის გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ აშენდება. 

მისი თქმით, სახელმწიფომ თავისი უსუსურობით მოძალადეები წაახალისა. 

“მედიაზე სისტემური თავდასხმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, რასაც ადგილი ჰქონდა და პირდაპირ ეთერში ვხედავდით, დასაგმობია. ამას თავისი შედეგები მოჰყვება. თუ გვინდა ევროპული ფასეულობები, ევროპული ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, თავისუფალი მედიის გარეშე არაფერი იქნება. მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს მედია, ეს მეათეხარისხოვანი საკითხია. ჩვენ ისეთი მედია გვყავს, როგორც გვყავს, ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს მედია დავიცვათ, ჩვენთან ერთად განვითარდეს. ამიტომ, ის სისტემური ძალადობა მედიაზე, რომელიც იყო კატეგორიულად მიუღებელია. წაახალისა თუ არა ეს სახელმწიფომ? სახელმწიფომ ეს ყველაფერი წაახალისა თავისი უსუსურობით. პირდაპირ წაახალისა თავისი უსუსურობით. ეს განცხადებაც უსუსური იყო.

მმართველი ძალის პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის წინაშე მდგომარეობს იმაში, რომ მან უნდა უზრუნველყოს მოქალაქის წესრიგი, მშვიდობა და უსაფრთხოება . არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ მოქალაქის მრწამსს. უმრავლესობის და ეკლესიის ზურგს ამოფარებული მმართველი ძალა, რომელიც შემდგომ თავის უმოქმედობას უბრალოდ ხსნის იმით, რომ მე ეს ყველაფერი წინასწარ გაგაფრთხილეთო, არის უსუსურობა, პირდაპირი წახალისება სახელმწიფოზე დემონტაჟის “,- აღნიშნავს გახარია.

მან ბოდიში მოუხადა სამართალდამცველებს და თქვა, რომ მომხდარის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. 

„თითოეულ რიგით პოლიციელს მინდა ბოდიში ვუთხრა მარტივი მიზეზის გამო. ძალიან კარგად ვიცი, როდესაც მმართველი ძალა ამბობს, ეს ყველაფერი ვიცოდითო, მე ხომ ვიცი ამ პოლიციელებთან ერთად ამის პრევენცია როგორ უნდა მომხდარიყო, ამას სპეციალური ღონისძიებების ჩატარება სჭირდებოდა, ეს ყველაფერი არიდებადი იყო. ეს რიგით პოლიციელებზე ეკრანზე ჩანდა, როდესაც მათი თითოეული ნაბიჯი ინდივიდუალური გადაწყვეტილების შედეგი იყო, როდესაც იცავდნენ, ან მოქმედებდნენ ჩვენი მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის ინტერესებში. 

იმის გათვალისწინებით, რა შედეგებიც გვაქვს, რა თქმა უნდა, ერთადერთი ის დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ პოლიციელების რაოდენობა არ იყო საკმარისი. არასწორად იყო ორგანიზებული“ - თქვა გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system