თავში

ეს დოკუმენტი არის შანსი - მოძრაობა "სირცხვილია"

ეს დოკუმენტი არის შანსი - მოძრაობა "სირცხვილია"
ეს დოკუმენტი არის შანსი - მოძრაობა სირცხვილია

მოძრაობა "სირცხვილია" მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, - ამის შესახებ მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ამნისტია არ შეეხოს პირებს, რომლებმაც ძალის გამოყენებით დაარბია და დაასახიჩრა დემონსტრანტები და ის, ვინც ამის ბრძანება გასცა.

"საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება, თუმცა საქართველოს მმართველი პარტიის სამწუხარო უპასუხისმგებლობა არ ათავისუფლებს ოპოზიციას პროცესში გარდატეხის შეტანის პასუხისმგებლობისგან.

გადასალახია ჩიხი, რომელშიც ქვეყანა კარგა ხანია შევიდა და უკეთეს შემთხვევაში ერთ ადგილზე დგას, ძირითადად კი უკან და უკან მიდის. საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროცესში გაღებული მსხვერპლის სანაცვლოდ, მიიღოს ძალაუფლების დანაწევრების მექანიზმები, რომლებიც ქვეყანას ხელისუფლებების მსგავსი თავგასულობისგან მომავალშიც დააზღვევს.შეთანხმება, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების გულშემატკივრები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გვთავაზობენ, ამ მომენტში, კრიზისის დაძლევის ოპტიმალური საშუალებაა. განახლებულ დოკუმენტში გაწერილია აღსრულების ვადები და გზები. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებას არ რჩება მორიგი "ტრიუკის" დადგმისა და გადაბრალების შესაძლებლობა. თუ ხელისუფლება რომელიმე აღებულ ვალდებულებას არ შეასრულებს, ბოიკოტის გაგრძელებასთან და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აღარც შინ იარსებებს და აღარც გარეთ.ეს დოკუმენტი არის შანსი, პასუხი ვაგებინოთ "ქართულ ოცნებას" იმისთვის, რომ დამოუკიდებელ პროკურატურასა და სასამართლოს, თავისუფალ არჩევნებს და დემოკრატიული ქვეყნის სხვა უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს "კომპრომისად" განიხილავს. ოპოზიციას კი ეკისრება პასუხისმგებლობა, იბრძოლოს ვადამდელი არჩევნებისთვის თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვების გზით და თან დაამტკიცოს, რომ მისთვის ძალაუფლების დანაწილება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალაუფლება.რაც შეეხება "გავრილოვის ღამეს": ჩვენი მოძრაობის პრინციპული პოზიციაა, რომ ამნისტია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საჯარო მოხელეების მიერ. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალის გამოყენებით დაარბია და დაასახიჩრა დემონსტრანტები და ის, ვინც ამის ბრძანება გასცა. გამომდინარე იქიდან, რომ მცირე კომპრომისზე წასვლა უკეთესი მომავლის გარანტად მიგვაჩნია, მოძრაობა "სირცხვილია" მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას", აცხადებენ "სირცხვილიაში". 

ცნობისთვის, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system